წინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართული კონცერტის წარმატება
გუშინ დაიწყო წინანდლის ფესტივალი, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს. წლევანდელმა ფესტივალმა, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მოუმზადა ორი შესანიშნავი კონცერტი იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით.
„იტალიის საელჩო თბილისში აქტიურად უჭერს მხარს იტალიური კულტურისა და იტალიელი შემსრულებლების პოპულარიზაციას და, უკვე ბევრი წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ფესტივალებსა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებთან, მათ შორის, წინანდლის ფესტივალთან. ამ პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიების წარმატებაში თავისი წვლილი ბრწყინვალე იტალიელმა დირიჟორმა, ჯანანდრეა ნოზედამაც შეიტანა, რომელიც წინანდლის პირველი ფესტივალიდან დღემდე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის დაწყებამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს.
ფესტივალის გახსნით კონცერტზე, სადირიჟორო პულტთან იდგა ცნობილი იტალიელი დირიჟორი, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა. მისი დირიჟორობით პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, სოლისტთან, ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად და შიმანოვსკისა და რიმსკი-კორსაკოვის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.
მსმენელს კიდევ ერთი შეხვედრა ელის იტალიელ მაესტროსთან, რომელიც 6 სექტემბრის კონცერტზე პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უდირიჟორებს, სოლისტი კი ცნობილი მევიოლინე პინკას ცუკერმანი იქნება. კონცერტზე ბეთჰოვენისა და მუსორგსკის მუსიკა აჟღერდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს
05.10.2026.18:31
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ინფლაცია
საბანკო სექტორი
საგარეო სექტორი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.