წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კერძოდ, არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.
გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.
საგამოძიებო უწყებებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს ვიდეო მასალების შესწავლა და პირთა იდენტიფიცირება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. აქვე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი.
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.
საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.