ციურიხში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ნათია თურნავამ სებ-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შვეიცარიაში, ციურიხში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში Point Zero Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი პანელური დისკუსიის მომხსენებელი იყო. დისკუსია სტაბილქოინების, პროგრამირებადი ბანკინგის, ციფრული აქტივებისა და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ძირითად ტენდენციებს შეეხო.
ნათია თურნავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან ისაუბრა ციფრული ბანკების სალიცენზიო რეჟიმზე, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელ ჩარჩოსა და სტაბილქოინების რეგულირების ახალ მოდელზე, რომელიც რეგიონში პირველი მსგავსი ჩარჩოა.
„ბოლო წლების განმავლობაში სებ-მა ინოვაციური ფინანსური სერვისების მომსახურებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. ჩვენ წარვადგინეთ ახალი სალიცენზიო რეჟიმები და მარეგულირებელი ჩარჩო ინოვაციების მხარდასაჭერად. შედეგად, დღეს საქართველოში უკვე მოქმედებს სამი ციფრული ბანკი. ასევე შევქმენით ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელი ჩარჩო, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყანაში 40 ახალი რეგისტრირებული კომპანია, მათ შორის წამყვანი საერთაშორისო კომპანიები. სულ ცოტა ხნის წინ კი წარვადგინეთ სტაბილქოინების რეგულირების ახალი მოდელი, რომელიც შინაარსით რეგიონში პირველია და შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი ინოვაციების მხარდაჭერასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მიმართ ნდობის განმტკიცებას.
„როგორც ცენტრალური ბანკი, საკუთარ როლს ფინანსური ინოვაციების ხელშემწყობისა და მონეტარული ნდობის გარანტის რანგში ვხედავთ. ჩვენი მიზანია, ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების უსაფრთხო განვითარებას უზრუნველყოფს. ამავდროულად კი შეინარჩუნებს ნდობას ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
Point Zero Forum წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ცენტრალური ბანკების, მარეგულირებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი ფინანსური სექტორის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე გამოწვევების განხილვას ემსახურება.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.