წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას - დავით ნარმანია
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები".
ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.
დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის სატარიფო რეგულირების მნიშვნელობაზე.
,,წყალმომარაგება კაპიტალტევადი დარგია, სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას. Fitch-ისა და S&P Global-ის ანგარიშებში აღინიშნა, რომ წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სატარიფო გარემო იყოს ყოველთვის პროგნოზირებადი და ხარჯების ამსახველი რეალურ დროში. ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, მარეგულირებელი კომისია სისტემატურად მუშაობს რეგულირების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, რომ წყალმომარაგების სექტორი გახდეს უფრო მეტად ეფექტიანი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, "ჯივიპის" გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს" და ,,საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრაციაზე ეკონომიკურ პოლიტიკაში, სატარიფო პოლიტიკაზე, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
ფორუმს ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
GCCA-მ შპს „ფერის“ მიერ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო
04.11.2026.11:24
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ფერის“ მიერ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია შეაფასა და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
კონცენტრაციის შეფასების ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრები. ასევე, შეფასდა მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე შესაძლო ჰორიზონტალური გადაფარვა.
ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე სამიზნე კომპანია ამ ეტაპზე არ ოპერირებს და მხოლოდ სამომავლო პროექტი აქვს. შესაბამისად, კონცენტრაციის შედეგად ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსის ცვლილება მოსალოდნელი არ იყო. ამასთან, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებას შპს „ფერის“ მიერ 2025 წელს საქართველოში გაწეული მომსახურებების საერთო მოცულობაში მცირე წილი ეკავა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტომ ამ ბაზრის დეტალური შესწავლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრის მოცულობამ 2025 წელს 596 476 037 ლარი შეადგინა, ხოლო კონცენტრაციის HHI ინდექსი 525.8-ს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ კონცენტრაცია აღნიშნულ მაჩვენებელს არ ცვლის.
რაც შეეხება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარს, 2025 წელს ამ მიმართულებით 286 ეკონომიკური აგენტის ჯგუფი ოპერირებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 3 521 049 167 ლარი შეადგინა, ხოლო HHI ინდექსმა - 938.85. აღნიშნული მაჩვენებელი ბაზრის ზომიერ კონცენტრაციაზე მიუთითებს. სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია ამ მაჩვენებელზეც გავლენას არ ახდენს.
ამრიგად, სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზრებზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია.
სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოსთვის შეტყობინების გარეშე, შეტყობინების განხილვამდე ან სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 13 კონცენტრაციაზე.