წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება
წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და განათების თანამედროვე სისტემები.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა. ამ დროისთვის რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება/მშენებლობა მიმდინარეობს ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში.
გარდა ამისა, მუნიციპალუტი განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, მსოფლიო რაგბის სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი სტადიონების აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
სხვა სიახლეები
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას
23.10.2026.16:38
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. აღნიშნული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ფაქტი დაწესებულებაში არ მომხდარა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გელა ისაშვილი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში რამდენიმე წელია, იმყოფება და სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) იხდის, სისტემატურად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და არ ემორჩილება დადგენილ წესებს, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი.
აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წელს, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, გელა ისაშვილს აღმოაჩნდა აკრძალული ნივთი – კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, ე.წ. ბრაგა, რის გამოც მას სასჯელი დაემატა. იმავე წლის ივნისში სასამართლო სხდომაზე მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდების მხარის პროკურორს, რის გამოც მას დამატებითი სასჯელი კვლავ დაეკისრა.
მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი არაერთი მსგავსი საქციელის გათვალისწინებით, 2025 წლის 8 აგვისტოს იგი მაღალი რისკის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. აღნიშნულ დაწესებულებაშიც გელა ისაშვილი განაგრძობდა სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც არაერთი დისციპლინური სახდელი აქვს დაკისრებული. უფრო მეტიც, 2026 წლის აგვისტოში მან სასეირნო სივრცეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ყველა შესაბამისი მასალა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს მსგავსი დარღვევებითა და პროვოკაციული ქმედებებით გამორჩეული პირების მიერ გავრცელებული განცხადებები, არ აჰყვეს დაუდასტურებელ ბრალდებებს და დაეყრდნოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას.