ცხოველების მოშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომშენებლების მიერ, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ - მინისტრის მოადგილე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანის განცხადებით, შინაური ცხოველების რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და რეალიზაცია მოწესრიგდება სპეციალურად მომზადებული კონტროლქვემდებარე ობიექტების მეშვეობით, რომელთა მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად განახორციელებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაშა ავალიანმა განაცხადა პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ძაღლებზე, რადგან ისინი ცოფის და სხვა დაავადებების მთავარი გამავრცელებლები არიან, ხოლო კატების იდენტიფიკაცია და სტერილიზაცია შემდგომ ეტაპებზე იგეგმება.
„ცხოველების მოშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომშენებლების მიერ, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ - ესენი იქნებიან კონტროლქვემდებარე ობიექტები. ამ შემთხვევაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს ამას ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად. რომელიც ამ შემთხვევაში უკვე თვითონ განსაზღვრავს სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ასე ვთქვათ, სახეობას და მოახდენს მათ რეალიზაციას, თუმცა იქნება ჩარჩოებში მოქცეული. რა თქმა უნდა, არ განთავისუფლდება ის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისგან. ჩვენ პირველ ეტაპზე სწორება გვაქვს მთელი რიგი საკითხებში ძაღლებზე, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და ასე დაიწყო ყველა ქვეყანამ, თუმცა შინაარსობრივად მოიაზრება ასევე კატებიც. თუმცა კატებთან მიმართებაში მასიური პროგრამები, რომელიც არის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია უკვე უფრო შემდგომ ეტაპებზე შემოვა.
შეგვიძლია დაავადებებთან მიმართებაშიც ვისაუბროთ, რომელიც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ცოფი, რომელიც როგორც ვეტერინარული მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი დაავადებაა. აქაც ყოველთვის ჩვენი ინდიკატორული ცხოველი არის ძაღლი, რომელიც პირდაპირ უფრო არის ამ დაავადების ყველაზე მასიური გამავრცელებელი, პოტენციური გამავრცელებელი“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
სხვა სიახლეები
11-12 აგვისტოს ღამის საათებში ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
10.08.2026.14:15
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, “China Road and Bridge Corporation”-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განახორციელოს განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, 2026 წლის 11 და 12 აგვისტოს, ღამის საათებში (01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ24 (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) - კმ57-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით მოძრაობის ჩაკეტვა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-სართიჭალა-საგარეჯო-თოხლიაურის საავტომობილო გზაზე გადართვა.
აღნიშნული გადართვის პროცესი განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.