ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირება „112“-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზს შეუერთდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებს სააგენტოსთან დაკავშირება გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მეშვეობით შეეძლებათ.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს ექნება „112“-ის მუდმივი, 24-საათიანი მხარდაჭერა და გამოირიცხება ცხელი ხაზის უწყვეტად მუშაობისას ტექნიკური ხარვეზების ალბათობა. იყო გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა დედაქალაქის მოსახლეობას. ხშირად გვქონდა ხარვეზები ცხელ ხაზზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს სააგენტოს ოპერატიულობის ხარისხს სამაშველო ღონისძიებებისა და სხვა მყისიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთიან ბაზაში მოექცევა შეტყობინებების მიღების, საქმის წარმოების, შესრულებისა და ეკიპაჟების გადაადგილების სისტემა, რაც გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „112“-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.
სხვა სიახლეები
სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
06.07.2026.18:37
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.