წლის ბოლომდე დავხურავთ პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგს - ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ბაზარზე, იდენტიფიცირებულია დომინანტი კომპანია და მაღალი ფასნამატი - ირაკლი ლექვინაძე
წლის ბოლომდე დავხურავთ ასევე პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგს - აქაც ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ბაზარზე, იდენტიფიცირებულია დომინანტი კომპანია და მაღალი ფასნამატი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
„ჩვენ რამდენიმე მონიტორინგს დავხურავთ წლის ბოლომდე. ახლა 9 თვის მონაცემების მიხედვით შევხედავთ საწვავის ბაზრის ვითარებას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ფასები იზრდება გარე ბაზრებზე არასტაბილურობის გამო - არამარტო ფასების ზრდის, არამედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში სრული გაურკვევლობის გამო. იმიტომ, რომ იმდენად, გაურკვევლად იცვლება ფასები, რომ ძნელია რაიმეს პროგნოზირება. თუმცა ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაკვირდებით და 9 თვის სურათსაც წარმოვადგენთ.
რასაც დავასრულებთ, ალბათ, უახლოეს პერიოდში იქნება სამედიცინო სერვისების ბაზარი. რამდენიმე ციფრს გავუსვამ ხაზს: 2025 წლის მდგომარეობით, ჯამში სამი წელი გვაქვს შესწავლილი, 13 000 სამედიცინო მომსახურების მიმართულებაა შესწავლილი ჩვენს მიერ. იდენტიფიცირებული გვაქვს, სად მოხდა ფასების ზრდა, რა ნაწილში და ასევე, სად არის მაღალი ფასნამატი.
დაახლოებით 300-მდე, 300-350 სერვისი გამოვკვეთეთ, სადაც შეიძლება ფასნამატი იყოს 100% და მეტი. შემდგომი ეტაპი იქნება, რომ შევხედოთ, რითი არის ეს საკითხი გამოწვეული.
ჯამში, ამ ბაზარზე მინდა გითხრათ, რომ კონცენტრაციის მაჩვენებელი დაბალია, კონკურენცია მაღალია და კლინიკებს შორის ძალიან აქტიური კონკურენციაა. ამას ჩვენს ანგარიშში ძალიან კარგად წარმოვადგენთ.
დავხურავთ ასევე პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგს. აქაც ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ბაზარზე, იდენტიფიცირებულია დომინანტი კომპანია და მაღალი ფასნამატი. რითი არის გამოწვეული, რომ, აი, ეგ სურათი გვქონდეს, და ალბათ რამდენიმე რეკომენდაციით შემოვიფარგლებით“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40%-იანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20%-იანი ზრდა, რაც ადასტურებს ახალგაზრდების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია - ლევან ჟორჟოლიანი
05.10.2026.13:04
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა.
„პროგრამა მოიცავს 364 დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ 3 400-ზე მეტ ვაკანსიას, რომელზეც გაკეთდა 55 800-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც უნიკალური იყო 5 600-ზე მეტი. 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40-პროცენტიანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20-პროცენტიანი ზრდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების, კურსდამთავრებულების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და ის ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს უნივერსიტეტში, გამოიყენონ უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.