ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით SOS ბავშვთა სოფელში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივის ფარგლებში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს ურბანულმა მგეგმარებლებმა მოზარდებს პრეზენტაციის სახით გააცნეს, რას ნიშნავს ურბანული დაგეგმარება, რა ფუნქცია აკისრია ურბანისტს და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა საცხოვრებელი გარემოს ფორმირების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე სოფიკო მაისურაძე. მან მოზარდებს პროფესიული გეგმები გამოჰკითხა და ურბანისტის პროფესიაზე ესაუბრა.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალში სახელმწიფო ზრუნვის სისტემას დატოვებენ. პროფესიული მიმართულებების გაცნობა, ურბანული განვითარების პროცესში მოქალაქის როლის გააზრება და კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება, მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უკეთ მომზადება.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
23.11.2026.12:07
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებს გაგებისა და მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.