წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გუშინ ღამით, თბილისში მოსული უხვი ნალექის რაოდენობამ 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას ორჯერ გადააჭარბა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამსახურების წარმომდგენლები მზადყოფნაში იყვნენ და რეაგირებაც დროულად მოხდა.
„გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქს. ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებული გვყავდა. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა. ამჯერადაც რეაგირება იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. თან წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, გავრცელებული განცხადებები, თითქოს, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე სისტემებმა არ იმუშავა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ საჭირო ღონისძიებების გატარებას. ეს მიმდინარეობდა მთელი ღამე. დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა - მათ შორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზები და გადაადგილება უპრობლემოდ ხდება.
გუშინ პირადად ვიმყოფებოდი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც შეტბორილი იყო თამარ მეფის პანდუსზე ამსვლელი გზა. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს, სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები გვაქვს. სწორედ ამიტომ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, პირველ რიგში, მსგავს კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას. ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა, გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა დროული რეაგირებისა და გაწეული სამუშაოების ჩატარებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, გამგებლებს, ყველა სამსახურის, ყველა გამგეობის წარმომადგენელს, ვინც მონაწილეობდა პრობლემების აღმოფხვრაში. მერიის ცხელი ხაზი მთელი ღამე მუშაობდა, შემოდიოდა ზარები და ყველა ლოკაციაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება. თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში იყო სრული მობილიზება, როგორც გამგეობების, ისე მერიის სხვადასხვა უწყების მხრიდან. რასაკვირველია, დღესაც და მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ შესაბამის სამუშაოებს. „თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამე მუშაობდა. სამსახურის ხელმძღვანელს, დავით ფაჩულიას მინდა მადლობა გადავუხადო და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო სამსახურს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დროულად და ოპერატიულად გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.