„თუმო ქუთაისს“ კიდევ 350 მოსწავლე შეუერთდა
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრში „თუმო ქუთაისი“ სწავლა კიდევ 350 მოსწავლემ დაიწყო. შედეგად, ცენტრის მომსახურებით უკვე 950 მოზარდი სარგებლობს.
„თუმო“ საერთაშორისო აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. საქართველოში „თუმო“-ს პირველი ცენტრი „თუმო ქუთაისი“ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შეიქმნა, ის ჯამში 1 200 მოსწავლეზეა გათვლილი და 12-18 წლის მოზარდებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.
„თუმო ქუთაისში“ სწავლა სრულადაა დაფინანსებული, რაც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თანამედროვე განათლებას სრულად ხელმისაწვდომს ხდის.
ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია მოზარდების ტექნოლოგიური, ციფრული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. სასწავლო პროცესი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს დამოუკიდებელ თვითსწავლას, ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და ლაბორატორიულ მუშაობას.
ცენტრში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიური განათლების მიღებისა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
30.10.2026.20:41
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.
ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.
ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.
Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).