თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად და სტრატეგიულ მიმართულებად - ლევან მოსეშვილი
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. ანკარიდან თბილისში პირველი რეგულარული რეისი Turkish Airlines-ის შვილობილმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა სავსე ბორტით შეასრულა.
რეგულარული ფრენები საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად და სტრატეგიულ მიმართულებად.
,,საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის მიმართულება. ჩვენთვის სტრატეგიულ ქვეყანას წარმოადგენს. მხოლოდ წელს, 8 თვეში ორ ქვეყანას შორის 900 ათასამდე მგზავრს მოვემსახურეთ, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 45%-ს შეადგენს.
შესაბამისად, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს საჰაერო მიმოსვლის მთავარ პარტნიორად. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
პირველი რეისით თბილისში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია და ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდნენ.
საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
Concentrix Georgia ICTA-ს შეუერთდა - გლობალური გამოცდილება სექტორის საერთო დღის წესრიგში
21.10.2026.22:26
2021 წელს Concentrix-მა საქართველოში საქმიანობა 18 თანამშრომლით დაიწყო. დღეს კომპანიის ადგილობრივი გუნდი უკვე 500 პროფესიონალს აერთიანებს. ეს ზრდა მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატების მაჩვენებელი არ არის - იგი აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია გლობალური ბრენდებისთვის მასშტაბური, მრავალენოვანი და ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი ოპერაციების განვითარება.
Concentrix Georgia ICTA-ს ახალი წევრი გახდა. კომპანიის გაწევრიანებით ასოციაციის საერთო სივრცეს ემატება მომხმარებელთა გამოცდილების, ინტელექტუალური ტრანსფორმაციისა და საერთაშორისო ოპერაციების მართვის პრაქტიკული ცოდნა.
ICTA-სთვის წევრობის გაფართოება კომპანიების რაოდენობის ზრდაზე მეტს ნიშნავს. ასოციაციის ძალას განსაზღვრავს ის გამოცდილება, ოპერაციული მასშტაბი და ხედვა, რომელსაც წევრი კომპანიები საერთო დღის წესრიგში აერთიანებენ. Concentrix Georgia ამ პლატფორმას გლობალურ ბრენდებთან მუშაობის, მრავალენოვანი გუნდების განვითარებისა და თანამედროვე CX ოპერაციების მართვის გამოცდილებით აძლიერებს.
Concentrix მომხმარებელთა გამოცდილებისა და ინტელექტუალური ტრანსფორმაციის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. იგი 2,000-ზე მეტ გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობს და ადამიანურ გამოცდილებას მოწინავე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.
კომპანია მუშაობს იმ მიმართულებაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები რეალურ საოპერაციო შედეგად უნდა იქცეს - გაუმჯობესებულ მომხმარებელთა გამოცდილებად, უფრო ეფექტიან პროცესებად და ბიზნესის კონკურენტულ უპირატესობად.
საქართველოში Concentrix ემსახურება საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის, სამომხმარებლო ელექტრონიკის, ტექნოლოგიების, მედიისა და კომუნიკაციების, მოგზაურობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორების წარმომადგენელ კლიენტებს.
კომპანიის ადგილობრივი გუნდი მომსახურებას ცხრა ენაზე - ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე უზრუნველყოფს. ეს შესაძლებლობა საქართველოს ოფისს სხვადასხვა ბაზრისა და კულტურის მომხმარებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საერთაშორისო ოპერაციების მართვის საშუალებას აძლევს.
Concentrix Georgia-ს ზრდა 18-დან 500 თანამშრომლამდე მნიშვნელოვანი მაგალითია მთელი სექტორისთვის. იგი ადასტურებს, რომ საქართველოს შეუძლია არა მხოლოდ გლობალური კომპანიების მოზიდვა, არამედ მათი ადგილობრივი ოპერაციების გაფართოება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გუნდების ჩამოყალიბება და მრავალბაზრიანი მომსახურების განვითარება.
სწორედ ასეთი გამოცდილებების ერთიან სისტემად გარდაქმნაა ICTA-ს როლი.
ასოციაცია აერთიანებს ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების კომპანიებს, რათა სექტორის რეალური გამოცდილება საერთო პრიორიტეტებად ჩამოყალიბდეს. წევრი კომპანიების ცოდნა ICTA-ს საშუალებას აძლევს, უფრო საფუძვლიანად იმუშაოს ტალანტის განვითარებაზე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე.
Concentrix Georgia-ს წევრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ბიზნეს სერვისების ინდუსტრია სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება მონაცემებს, ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტს. მომხმარებელთა გამოცდილების მართვა უკვე აღარ არის მხოლოდ მომსახურების ფუნქცია - იგი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ICTA-ს საერთო პლატფორმაში ამ გამოცდილების ჩართვა სექტორს აძლევს შესაძლებლობას, უფრო მკაფიოდ განსაზღვროს ის პირობები, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ოპერაციების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტალანტის ზრდას სჭირდება.
„Concentrix Georgia-სთვის დიდი პატივია ICTA-ში გაწევრიანება და იმ პროფესიონალებისა და კომპანიების გაერთიანებაში ჩართვა, რომლებიც საქართველოს ტექნოლოგიური და ბიზნეს სექტორების განვითარებას უწყობენ ხელს.
გვჯერა, რომ თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ძლიერი ინდუსტრიული კავშირების შექმნა ინოვაციისა და პოზიტიური ცვლილებების მნიშვნელოვანი საფუძველია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვექნება, საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, სხვებისგან ვისწავლოთ და ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.
მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობას და იმ შედეგებს, რომელთა მიღწევასაც ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ“, - თეონა ნოზაძე, Concentrix-ის საქართველოს ოფისის ლიდერი.
საქართველოს ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების სექტორის კონკურენტუნარიანობას ძლიერი კომპანიები ქმნიან, ხოლო მათ გამოცდილებას საერთო ძალად შეთანხმებული დღის წესრიგი გარდაქმნის.
Concentrix Georgia-ს წევრობით ICTA საერთაშორისო დიალოგისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას იძენს: საქართველოდან შესაძლებელია გლობალური ბრენდებისთვის მასშტაბური, მრავალენოვანი და ტექნოლოგიებით მხარდაჭერილი ოპერაციების მართვა.
ICTA-ს ამოცანაა, ასეთი შედეგები ცალკეული კომპანიების წარმატების ისტორიებად არ დარჩეს - ისინი სექტორის საერთო პოზიციად, განვითარების შესაძლებლობად და საქართველოს კონკურენტულ უპირატესობად გარდაიქმნას.