თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49.18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პროექტის მიზანია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მაღალმთიანი საავტომობილო გზის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. გაიზრდება თუშეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოება, საიმედოობა და კომფორტი, რაც რეგიონში მცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი მოიცავს გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი და წყალამრიდი სისტემების, ასევე ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განახლებას, გზის შესაძლებლობის ფარგლებში გაგანიერებასა და უსაფრთხოების მიზნით ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
პროექტი რვა მონაკვეთად არის დაყოფილი. ამ დროისთვის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ხუთ მონაკვეთზე, რაც 49.18 კილომეტრის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების საერთო ღირებულება 73.7 მილიონ ლარზე მეტია.
პირველი 22.5 კილომეტრი ასფალტის საფარით მოეწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, არსებული რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, შენარჩუნდება გრუნტის საფარი, თუმცა სრულად აღდგება დაზიანებული უბნები და გაუმჯობესდება გზის გეომეტრიული და უსაფრთხოების პარამეტრები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა, რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, საგზაო საფუძვლის მოწყობა და გზის გაგანიერებისთვის ფერდების ექსკავაციის სამუშაოები.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზა თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზაა. იგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება, აბანოს უღელტეხილს კვეთს და ომალოს უკავშირდება. გზა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია გაყვანილი და ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილზე გადის. რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების გამო, გზაზე მოძრაობა წლის განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 4–5 თვის განმავლობაში არის შესაძლებელი. შესაბამისად, შეზღუდულია საგზაო სამუშაოების პერიოდიც.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის დასრულება 2026–2027 წლებში ეტაპობრივად იგეგმება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა
31.07.2026.11:30
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
ახალი პლატფორმის განვითარება ეკონომიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება.
ეკონომიკური მონაცემების პორტალი საქართველოს ეკონომიკის ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს ერთიან სივრცეში ხდის ხელმისაწვდომს. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოიძიონ სასურველი დროითი მწკრივები, შეარჩიონ მონაცემთა სიხშირე, აგრეგაციის დონე და ცვლილების ტემპი, ხოლო მიღებული შედეგები კი მათთვის მოსახერხებელ ფორმატში ჩამოტვირთონ.
ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში თანამედროვე ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლებს ინფლაციის დინამიკის, მისი ძირითადი კომპონენტებისა და ფასების ცვლილების ტენდენციების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ანგარიშში მონაცემების წარმოდგენა შესაძლებელია სასურველი სიხშირითა და ცვლილების ტემპით, ინტერაქტიული დიაგრამებისა და ცხრილების სახით.
ახალი ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად გაამარტივებს ეკონომიკური მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და ინტერპრეტაციას. ამასთანავე, ისინი ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და ანალიზის განვითარებას და საზოგადოებას უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კვლევითი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ახალი ინსტრუმენტების ფუნქციონალს, შესაძლებლობებსა და მათი პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს.