UEFA GROW-ს ფარგლებში, ვახორციელებთ ახალი სტრატეგიის შემუშავებას - ლევან კობიაშვილი
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს მორიგ სტრატეგიაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ორდღიანი ვორქშოფის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას ეხებოდა.
„სტრატეგია, რომელიც გასულ ოთხ წელიწადში გვქონდა, რითიც საკმაოდ წარმატებით ვიმუშავეთ და ის, რომ ბოლო ოთხი-ხუთი წელია სხვადასხვა ნაკრებებით ევროპის ჩემპიონატებზე მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის ის ზრდა, რაც ქვეყანაში გვაქვს ფეხბურთის განვითარების კუთხით: მასობრივი ფეხბურთი, ქალთა ფეხბურთი, ფუტსალი - გასული სტრატეგიის ნაწილია.
თუმცა დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენი ორგანიზაცია და შესაბამისად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან UEFA GROW-ს ფარგლებში, ვახორციელებთ ახალი სტრატეგიის შემუშავებას. მომდევნო სტრატეგია მოიცავს 2026-2030 წლებს და შესაბამისად ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ეს პროცესი გაგრძელდება, მომდევნო თვეებში, გვექნება მსგავსი შეხვედრები და შესაბამისად მივიღებთ იმ დოკუმენტს და იმ სამოქმედო გეგმას, რითიც ჩვენი ორგანიზაცია იხელმძღვანელებს.
ძალიან საინტერესო იყო, მთლიანად ჩვენი ორგანიზაციის თითქმის ყველა ხელმძღვანელი, დეპარტამენტი, თანამშრომელი ჩართული იყო ამ პროცესში, მათ შორის ჩვენ, როგორც მენეჯმენტის წარმომადგენლები. დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩართულები იყვნენ ჩვენი კლუბები. ძალიან გვიხარია, რომ ყველამ ძალიან პოზიტიურად მიიღო ეს ყველაფერი და მათთვისაც ერთგვარი სიახლეც არის და გამოწვევაცაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მათი აქტიურობა, მათი სწორი მუშაობა აისახება ზოგადად ქართულ ფეხბურთზე.
ძალიან გვიხარია ეს ყველაფერი. იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებით ვიმუშავებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც წარმატებითაც ჩვენ ვიმუშავეთ გასულ ოთხ წელიწადში“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
30.10.2026.20:41
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.
ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.
ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.
Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).