UEFA-ს წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ 2026-2030 წლების სტრატეგიულ გეგმაზე, იმ მიზნებზე, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ ქართულმა საფეხბურთო სამყარომ და ფეხბურთის ფედერაციამ - დავით მუჯირი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და UEFA 2026-2030 წლების საფეხბურთო განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ. როგორც ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, დოკუმენტი ქართულ ფეხბურთში საკლუბო ფეხბურთისა და ეროვნული ლიგების განვითარებასაც მოიცავს.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფასთან ერთად ბოლო წლებია შემუშავებული სტრატეგია ჰქონდა, რისი პრეზენტაციაც რამდენიმე წლის წინ მოხდა. კვლავ უეფას წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავთ 2026-2030 წლების სტრატეგიულ გეგმას, იმ მიზნებს, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ ქართულმა საფეხბურთო სამყარომ და ფეხბურთის ფედერაციამ.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ჩართულობა 26-დან 30 წლამდე სტრატეგიულ გეგმაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება საკლუბო ფეხბურთის და ეროვნული ლიგების განვითარება, ამიტომ ხვალ კვლავ მოხდება შეხვედრა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის“ კლუბების წარმომადგენლებთანაც. UEFA-ს წარმომადგენლები გაეცნობიან მათ პირადად, იმ გამოწვევებს, თუ რა გამოწვევების წინაშეც დგანან ახლა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენაში შეუწყობენ ხელს.
განვიხილეთ აგრეთვე დღეს ის მიზნები და მიღწევები, რაც გვქონდა ამ წლების განმავლობაში, ემთხვეოდა თუ არა ჩვენს სტრატეგიულ გეგმას. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე შესრულდა და ბედნიერნი ვართ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხუთჯერ ზედიზედ სხვადასხვა დონეზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე ვითამაშეთ: ფუტსალის ნაკრებმა, ეროვნულმა ნაკრებმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა. თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სვლა არ განელდეს, უფრო პროგრესირებადი გავხდეთ და მომდევნო წლებიც ისეთივე წარმატებული გვქონდეს, როგორც წინა წლები“, - განაცხადა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
30.10.2026.20:41
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.
ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.
ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.
Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).