უნარების კვირეულის ფარგლებში, ლევან ვეფხვაძემ, შრომით ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული უნარების განვითარებაში იყო უნარების კვირეულის 2023-ის ფართომასშტაბიანი ფორუმის მთავარი თემა, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, როგორც საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში, ასევე პანელურ დისკუსიაში ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ბიზნესში დასაქმების კუთხით არსებობს.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული უნარების სააგენტო დაფუძნებულია ბიზნესისას და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობით და ლევან ვეფხვაძე, ამავდროულად, პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
ამასთან, ღონისძიებაზე სექტორული ასოციაციების მიერ ჩამოყალიბებული დარგობრივი უნარების ორგანიზაციებმა (დუო) აუდიტორიას პროფესიულ განათლებაში ჩართულობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გაუზიარეს, ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში, იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არსებობს ინდუსტრიებში სამუშაო ძალის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. ლევან ვეფხვაძემ კი ყურადღება გაამახვილა არა მარტო ბიზნეს ასოციაციების, არამედ პროფესიული ასოციაციების განვითარებაზე, რადგანაც ეს უკანასკნელი ბიზნეს ასოციაციებთან ერთად უნდა ქმნიდნენ ძლიერ დარგობრივი უნარების ორგანიზაციებს.
„მოხარულნი ვართ, რომ უკვე რვა სექტორული ასოციაცია შეიქმნა, შესაბამისად, ბიზნეს ასოციაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება დუოების საქმიანობას. შრომით ბაზარზე მოთხოვნა, რაც ბიზნესიდან მოდის საბოლოო ჯამში განსაზღვრავს და ჩამოაყალიბებს იმ სტანდარტებს, რომელიც თავად ბიზნეს სჭირდება და ამ კუთხით სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა, სადაც კერძო სექტორის და საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი გაერთიანებების, საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.