UNI4VERSE FINEDU - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, საუნივერსიტეტო მასშტაბური კონკურსი იწყება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო მასშტაბური კონკურსი UNI4VERSE FINEDU იწყება.
UNI4VERSE წარმოადგენს ინიციატივას, რომლის მიზანია საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება, სტუდენტებში სამეწარმეო აზროვნების სტიმულირება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლებაა. პროექტი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ რეალურ ფინანსურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე, შექმნან ინოვაციური პროტოტიპები ხელოვნური ინტელექტისა და IT ინსტრუმენტების გამოყენებით და მიიღონ პროფესიული მენტორობა სექტორის წამყვანი ექსპერტებისგან. კონკურსში ჩართული სტუდენტური გუნდები იმუშავებენ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა ფინანსური სერვისების ინტეგრაცია, გრძელვადიანი დაგეგმვა, ფინანსური უსაფრთხოება, ყოველდღიური ფინანსები, მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები.
კონკურსში ერთიანდება 31 უნივერსიტეტი, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. პროექტი ღიაა ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი გუნდების ჩამოყალიბებას.
სტუდენტებს კონკურსში განაცხადების შემოტანა უკვე შეუძლიათ, ამისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.
კონკურსის ფინალური ეტაპი 2 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე - WEB SUMMIT. ასევე, კონკურსისთვის გამოყოფილია 20,000 ლარიანი გრანტი. პროექტის განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი”.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.