უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია - თბილისის მერია
ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მიწის საექსკავაციო და გვირაბის რკინაბეტონის ფილის მოწყობის სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, გვირაბის კედლების არმირების პროცესი ხორციელდება.
სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„უნივერსიტეტის ქუჩაზე ეწყობა გვირაბი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ ბაგების დასახლებაში, ახლად აშენებული ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ბაგებიდან ქავთარაძის ქუჩას პირდაპირ დავუკავშირდეთ, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადავიდეთ. ეს უნივერსიტეტის ქუჩას ძალიან დაეხმარება და განტვირთავს თამარაშვილის გამზირსაც. ტერიტორიაზე, მუშაობის თვალსაზრისთ, გარკვეული პრობლემები გვქონდა. მოგვიწია არსებული კლდის ჩამოშლა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა ხმაურის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარკვეულწილად, შეფერხებით ვმუშაობდით, თუმცა პროექტს ძალიან მალე, მომავალი წლის პირველ კვარტალში დავასრულებთ. დედაქალაქში მსგავსი სამუშაოების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, დამონტაჟდება LED სანათები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები.
აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მისი გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც თავის მხრივ, ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით.
პროექტს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით ფინანსდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.