ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება კონკრეტულ მიმართულებებზე.
„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სახის პრობლემაა გადასაჭრელი და რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს. 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ცვლილებები აღნიშნულ მარშრუტებზე ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებელობას მოგვცემს და გაჩერებებზე ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა N321, N339 და N385 მარშრუტებზეც.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში ყოველწლიურად პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ - დავით სონღულაშვილი
14.09.2026.19:23
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პროექტის „ჩემი პირველი ნერგის“ მნიშვნელობაზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, პროექტი 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ინიციატივაში საქართველოს მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს. ღონისძიებები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა პირველ კლასელს შესაძლებლობას მისცემს, დარგოს საკუთარი პირველი ნერგი. წელს, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას ამ ინიციატივაში, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის გარემოზე ზრუნვას და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. პროექტის დაფინანსება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენისთვის განკუთვნილი რესურსებიდან განხორციელდება. შესაბამისად, ერთი მხრივ, შესაძლებელი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენა, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლით გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვების მიერ დარგული ნერგების შემდგომ მოვლასა და მათზე დაკვირვებას. ამ მიზნით შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას.
„პროექტი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ტერიტორიები და ნერგები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩევა. პროცესში ჩართულები იქნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების და რეგიონული განვითარების სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, თბილისის მერია, სკოლები, მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები. შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, დააკვირდეს მის მიერ დარგული ხის ზრდასა და განვითარებას. „ჩემი პირველი ნერგი“ ყოველწლიური პროგრამა იქნება და ყოველ წელს პირველკლასელებისთვის სკოლის დაწყება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუკავშირდება. საბოლოოდ კი, როდესაც ისინი სკოლას დატოვებენ, გარემოს დაუტოვებენ ზრდასრულ ხეს, რომელიც ჩვენი გარემოს გაჯანსაღებასა და გამწვანებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.