ვასპების რეგულირება საჭირო გახდა იმისთვის რომ ვირტუალური აქტივის საქმიანობა მოქცეულიყო გამჭირვალე და კონტროლირებად სამართლებრივ ჩარჩოში - სებ-ის წარმომადგენელი
საქართველოში ამ დროისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების (vasp) 43 პროვაიდერია რეგისტრირებული. როგორც ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, მათგან ორი საერთაშორისო კომპანიაა.
მარიამ მალაზონიას განმარტებით, იმისთვის, რომ კომპანიამ ვირტუალური აქტივის მომსახურება განახორციელოს, ეროვნულ ბანკში უნდა დარეგისტრირდეს.
“ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი, არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ინვესტირების საშუალებას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც გადახდის ისე ინვესტირებისთვის. ჩვენ რასაც ვარეგულირებთ, არის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი, რაც ნიშნავს რომ მას აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელზეც შესაძლებელია მისი გადაცვლა.”-აღნიშნა მარიამ მალაზონიამ.
მისივე განმარტებით, ვასპები არიან პირები რომლებიც ვირტუალური აქტივის მომსახურებას მესამე პირის სასარგებლოდ ახორციელებენ. ამასთან, გარდა რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისა, საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებს, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, საბროკერო კომპანიებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აქვთ შეზღუდულად ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლება.
“ჩვენი მხრიდან ვასპების რეგულირება საჭირო გახდა იმისთვის რომ ვირტუალური აქტივის საქმიანობა მოქცეულიყო გამჭირვალე და კონტროლირებად სამართლებრივ ჩარჩოში. განსაკუთრებით ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შემცირების მიზნით. სავალდებულო რეგისტრაციის შემდეგ კი ვასპები მოექცნენ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.”-აღნიშნა მარიამ მალაზონიამ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.
რეგისტრაციის და რეგულირების წესს დაემატა რისკების მართვის ჩარჩოს მარეგულირებელი მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს საოპერაციო რისკების შეფასებასა და კონტროლს, კიბერუსაფრთხოებას, საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნეს უწყვეტობის გეგმას.
ასევე განისაზღვრა სარეგისტრაციო მოთხოვნები იმ პროვაიდერებისთვის, რომლებიც გეგმავენ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების განხორციელებას. მათ შორის, მოთხოვნები კორპორაციულ მართვასთან, საზედამხედველო კაპიტალსა და შეთავაზების დოკუმენტთან მიმართებაში.
აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას, ეკოსისტემისადმი ნდობის გაძლიერებასა და სექტორის მდგრად განვითარებას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.