ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურმა მდივანმა ჯონ ბარკერმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ჯონ ბარკერი ღვინის პროფესიულ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა, რომლის მხარდაჭერაც ქართულ ღვინისადმი არაერთხელ გამხდარა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაპირობა.
„OIV-ის საქმიანობა მოიცავს ღვინის წარმოების შესახებ რეკომენდაციების გაცემას, დარგში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, ხარისხიანი წარმოების ხელშეწყობას და ღვინის ბაზრების გაძლიერებას; ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ღვინის რეპუტაციის კიდევ უფრო განმტკიცებაში და უკეთ წარმოაჩენს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, მიღწევებს და პოტენციალს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯონ ბარკერი ღვინის მარნებს ქართლსა და იმერეთში ეწვია, სადაც ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებსა და კულტურას გაეცნო. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური მდივანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდა.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაცია არეგულირებს ვაზისა და ღვინის სექტორს, ადგენს შესაბამის სტანდარტებს, ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში.
სხვა სიახლეები
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა
20.08.2026.20:24
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.
აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებსა და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები (გარდა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი საავტომობილო გზებისა - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696746&lang=ge
დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696756&lang=ge