ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილში, ველურ ბუნებაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი გაუშვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრინველების ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა.
ღონისძიების მიზანია გნოლისა და კაკბის პოპულაციების გამრავლება, მათი ბუნებრივ გარემოში გავრცელება და ველური ფაუნის მრავალფეროვნების ხელშეწყობა.
კაკბები და გნოლები გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.
ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალური ფრინველების გამრავლებასა და შემდგომ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას აფინანსებენ.
მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი გავრცელდა.
სხვა სიახლეები
რიკოთის უღელტეხილზე გამწვანების სამუშაოები გრძელდება
25.11.2026.15:50
აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კილომეტრიან მონაკვეთზე გამწვანებისა და ხე-მცენარეების საკომპენსაციო დარგვის სამუშაოები გრძელდება.
რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
პროექტის მიზანია გზის მშენებლობის პროცესში მოჭრილი ხე-მცენარეების კომპენსირება, ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი ლანდშაფტის აღდგენა.
გამწვანების სამუშაოები სამ ეტაპად ხორციელდება: 2022–2024 წლებში სატყეო ფონდის ტერიტორიაზე, 13,4 ჰექტარ ფართობზე, 42 375 ძირი ხე დაირგო; 2026 წლის გაზაფხულზე საავტომობილო გზის დერეფნის გასწვრივ 5 000-მდე იფნისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო; მიმდინარე შემოდგომაზე კი გათვალისწინებულია არანაკლებ 3,5 მეტრი სიმაღლის 311 ხის — 155 მინდვრის ნეკერჩხლისა და 156 ჩვეულებრივი იფნის — დარგვა.
ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის გასწვრივ გამწვანებისთვის დაახლოებით 6,5 ჰექტარი ტერიტორიაა შერჩეული. სამუშაოები მოიცავს როგორც გზისა და მდინარე რიკოთულას მიმდებარე ტერიტორიებს, ისე საავტომობილო გზებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეებს.
ხე-მცენარეების სახეობები ტერიტორიის ბუნებრივი და კლიმატური პირობების, ადგილობრივი ეკოსისტემისა და ლანდშაფტის თავისებურებების გათვალისწინებით შეირჩა.
რიკოთზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში გარემოსდაცვითი მიდგომების ინტეგრირების ნაწილია.
ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ისე ქვეყნის სხვა საავტომობილო მაგისტრალების გასწვრივ, დამატებითი გამწვანების ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.
პროგრამის მიზანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ბუნებრივი ლანდშაფტის გაუმჯობესება, მწვანე სივრცეების გაფართოება და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობა.