ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება - პატრიარქი
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
„ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელისა და ბრძოლების პირობებში და ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენ მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება“, - განაცხადა პატრიარქმა.
მართლმადიდებელ ეკლესიას წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მძიმე მარხვა აქვს დაწესებული. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც იესო ქრისტეს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა, თავი მეფე ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.
სხვა სიახლეები
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მეწყერის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-გამაგრება მიმდინარეობს
11.09.2026.15:29
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მეწყერის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-გამაგრებისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გზის სავალი ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გამაგრების კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მეწყრული მონაკვეთის გამაგრება, გზის სავალი ნაწილის აღდგენა და წყალარინების მოწესრიგება. მოეწყობა ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი და ბეტონის ბლოკები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შედეგად აღდგება და გამაგრდება მეწყრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთი და უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 254 269 ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულება კი 2027 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.