ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო - სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვანილი.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი.
ამასთან, ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების საკითხს, ბრალდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა. ამჟამადაც, როგორც მოშიმშილე, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და, საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა სათანადო მომსახურება.
ამასთან, იგი უზრუნველყოფილია ქრონიკული დაავადების სამკურნალო შესაბამისი მედიკამენტით და მიიღებს მას დანიშნულებისამებრ.
გარდა ამისა, ბრალდებული საკანში უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით - ე.წ. ვენტილატორით. შესაბამისად, სიცრუეა მისი უფლებადამცველის განცხადება, თითქოს ბრალდებულს დასახელებული ნივთი არ აქვს.
რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობის საკითხს, აღნიშნული ნივთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში, დადგენილი წესის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ დაზუსტებული, ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს
10.09.2026.10:55
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს:
“10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს გილოცავთ ყველა ენერგეტიკოსსა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. ეს დღე მინდა მივულოცო სექტორის გულშემატკივრებსაც, რომლებიც სხვა სფეროებიდან აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან ქვეყნის ნათელი მომავლისათვის.
ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის ფუნდამენტურ საფუძველს. სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებზე, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია უზრუნველყოფს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციების დანერგვას, სისტემის საიმედოობასა და გრძელვადიან მდგრადობას. ჩემი, როგორც სემეკის თავმჯდომარის მიზანია ენერგეტიკის სექტორის სტაბილური განვითარება, ეფექტიანი რეგულაციის მექანიზმების შექმნა და საინვესტიციო გარემოს წახალისება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს სექტორს განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალგაზრდა თაობის, ახალბედა ენერგეტიკოსების პროფესიული განვითარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით შექმნილი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, დღიდან დაარსებისა ახორციელებს სასწავლო კურსებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს, უზრუნველყოფს მოქმედი თუ მომავალი ენერგეტიკოსების ინფორმირებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ განვითარებას.
ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებს ძირითადი მიზანი გვაერთიანებს - ეს ენერგეტიკის სექტორის წარმატებებია, რაც დარგში დასაქმებული თითოეული პროფესიონალის ნაყოფიერი საქმინობის შედეგად არის შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ენერგეტიკოსის დღეს! გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას ენერგეტიკის სექტორის საუკეთესო მომავლისათვის”.