ვიცით, ვის ვეთამაშებით - საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ არც მათთვის იქნება იოლი, ვინაიდან ჩვენც საკმაოდ კარგი გუნდი ვართ - ლევან კობიაშვილი
იოლი არ იქნება, ვიცით, ვის ვეთამაშებით - საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ არც მათთვის იქნება იოლი, ვინაიდან ჩვენც საკმაოდ კარგი გუნდი ვართ, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატი არის ტურნირი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. ამ ტურნირზე ისე ვერ მოხვდები, თუ არ იმსახურებ და არ ხარ ძლიერი. ცხადია, რომ ფავორიტების როლში ვერ ვიქნებით და ესეც გასაგებია, იმიტომ რომ პირველად ვთამაშობთ. ლოგიკურია, რომ უფრო მეტი დაძაბულობა და ნერვიულობა იქნება, თუმცა ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ გვყავს ისეთი გუნდი, რომ საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ბევრი ტურნირი გვინახავს, სადაც სიურპრიზები მომხდარა დებიუტანტ გუნდის მხრიდან, რომლისგანაც ბევრს არაფერს ელოდებიან შედეგის კუთხით. თუნდაც პირველ თამაშში, თურქეთისთვის მოგების გარდა ნებისმიერი შედეგი ძალიან ცუდი იქნება. შესაბამისად, მათაც აქვთ ეს წნეხი და ზეწოლა უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ვართ და უბრალოდ მონაწილეობას ვიღებთ. გვინდა უფრო მეტი - ამის მოლოდინიც გვაქვს, შესაძლებლობაც და, რაც მთავარია, ამის გვჯერა“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.