ვლადიმერ ბოჟაძე: „საქართველოს მოქალაქეები ისევე გამოგიტანენ განაჩენს 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა“
„მინდა მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დაუღალავი შრომით მოგვიტანა ეს გამარჯვება. მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ის პირობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მივეცით, ფეხბურთში უკვე შევასრულეთ და რა თქმა უნდა, დანარჩენი მიმართულებებითაც შევასრულებთ“, - ასე დაიწყო დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსიც კი არ აქვთ.
„ჩვენი კოლეგები ხაბეიშვილის პარტიას გაექცნენ, ზოგი ნიკა მელიასთან წავიდა, ზოგი - ნიკა გვარამიასთან, საბოლოო ჯამში კი ნიკა მაჭუტაძესთან აღმოჩნდნენ. რამდენად არის ახალი ეს პოლიტიკური პარტია, ამასაც ძალიან მოკლედ მინდა შევეხო. მათი ოთხიანი თურმე დაუცხრომელი ენერგიის და წინსვლის სიმბოლოა; სუფთა და მოუსყიდავი ყოფილა ნიკა გვარამია, რომლის კრიმინალობა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ნიკა მელია კი კეზერაშვილის ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან გააგდეს. რა წარსული აქვს თითოეულს და რა მომავალი ექნებათ, ძალიან კარგად ვიცით.
თქვენ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსიც კი არ გაქვთ. კეთილი ინებეთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თავი დაანებეთ და საკუთარ წარსულს გადახედეთ. ის წარსული, რომელიც თქვენ ნაციონალურ მოძრაობასთან გაკავშირებთ და გეგმა, რომელიც შეიმუშავეთ, დაიშალოთ და ისე გააგრძელოთ გეგმის შესრულება, არ გამოგივათ. ყველას გელოდებით არჩევნებზე და საქართველოს მოქალაქეები ისევე გამოგიტანენ განაჩენს 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ეს 2012 წლის არჩევნებზე მოხდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.