ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ვაკის რაიონში, ვლადიმერ გაბაშვილის N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვერეს ხეობასთან ახლომდებარე ამ ორი საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გახდა პრევენციული ღონისძიებების გატარება და ფერდის გამაგრება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული და გეოლოგიური რისკების მართვა მოხდეს. პირველ ეტაპზე, ფერდზე არსებული ძველი და დაზიანებული კედლის დემონტაჟი ხორციელდება. მის ნაცვლად აშენდება რკინაბეტონის ხიმინჯოვანი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა დამცავი ბადე. ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის აცილებას და ხელს შეუწყობს ფერდის სტაბილურობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით იაპონური კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ
13.10.2026.15:48
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტ, პროფესორ ზურაბ გუდავაძესა და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძეს შეხვდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში იაპონიის დელეგაციის მხრიდან მონაწილეობდნენ: კომპანია Riken Kogyo Co., Ltd.-ის პრეზიდენტი და დირექტორი იუკიჰირო შიბაო და წარმომადგენელი ჯუნიჩი ტაკამია; HAGIHARA INDUSTRIES INC.-ის უფროსი გენერალური მენეჯერი მასაკაზუ საკო; KOKEN ENGINEERING Co., Ltd.-ის აღმასრულებელი ოფიცერი ტომონორი დეგუჩი; ArkEdge Space Inc.-ის უფროსი ექსპერტი შიო კამიბაიაში; SPEC CORPORATION JAPAN-ის გენერალური მენეჯერი იოჰეი სომა; PADECO Co., Ltd.-ის აღმასრულებელი ოფიცერი ტეცუია სუგიმოტო; Tokai-Denshi Inc.-ის წარმომადგენლობითი დირექტორი ტარო ოკამურა; JGC HOLDINGS CORPORATION-ის აღმასრულებელი ოფიცერი იოშიმიცუ ტაკანიში; ჰოკაიდოს განვითარების საინჟინრო ცენტრის უფროსი მრჩეველი შინსაკუ ფუკაზავა; იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჰოკაიდოს ცენტრის თანამშრომელი მარინა კიდო და ექსპერტ-კონსულტანტი მასაკი კოდა; ასევე, გაზეთ Hokkaido Kensetsu Shimbun-ის ჟურნალისტი იუკი ოსაკა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.
როგორც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონური ბიზნესკომპანიებისა და ორგანიზაციების ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებას, უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებების გამოვლენას. პროფესორ ზურაბ გუდავაძის თქმით, იაპონიის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა საინჟინრო, ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული და მდგრადი განვითარების სფეროების პერსპექტივიდან იქნეს განხილული.
„იაპონიის დელეგაცია გაეცნო უნივერსიტეტის სტრუქტურას, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტების საქმიანობასა და კვლევით მიმართულებებს, რაც დელეგაციის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული ინტერესების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იაპონელი სტუმრები წარმოადგენენ იაპონიის სხვადასხვა პროფესიულ სფეროს, მათ შორის საინჟინრო, სამრეწველო, ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ, საკონსულტაციო და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებს. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც სამრეწველო წარმოებასა და საინჟინრო პროექტების მართვას, ისე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და საერთაშორისო განვითარების პროექტებში მონაწილეობას.
დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, იუკიჰირო შიბაოს ხელმძღვანელობით მოქმედი Riken Kogyo Co., Ltd.-ი სპეციალიზებულია თოვლის, ქარისა და ქვიშისგან დამცავი ღობეების პროექტირებაში, წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიის საქმიანობა უკავშირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაუმჯობესებას განსაკუთრებით რთული კლიმატური პირობების მქონე რეგიონებში. ეს მიმართულება მნიშვნელოვანია ქარბუქის, თოვლის დაგროვებისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ინფრასტრუქტურული პრობლემების პრევენციისთვის.
დელეგაციაში წარმოდგენილი HAGIHARA INDUSTRIES INC.-ი სამრეწველო წარმოებისა და ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს, ხოლო KOKEN ENGINEERING Co., Ltd.-ი, SPEC CORPORATION JAPAN-ი, Tokai-Denshi Inc.-ი და JGC HOLDINGS CORPORATION-ი სხვადასხვა საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ბიზნესმიმართულებას წარმოადგენენ. ArkEdge Space Inc.-ი კოსმოსური ტექნოლოგიებისა და მცირე თანამგზავრების განვითარების სფეროში მუშაობს, PADECO Co., Ltd.-ი კი საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აგრეთვე ჰოკაიდოს განვითარების საინჟინრო ცენტრისა და JICA-ს წარმომადგენლები, რაც ვიზიტის პროფესიულ და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ განზომილებას აძლიერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მნიშვნელოვანი აკადემიური, სამეცნიერო და საინჟინრო პოტენციალი, რაც ქმნის მყარ საფუძველს აღნიშნულ კომპანიებთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, როგორც იაპონელმა სტუმრებმა აღნიშნეს, დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიური მიმართულებებისა და კვლევითი პოტენციალის შესახებ, გაეცნო ფაკულტეტების გამოცდილებას და გამოკვეთა ურთიერთთანამშრომლობისთვის საინტერესო სფეროები, რაც მყარ საფუძველს ქმნის სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებისა და აკადემიურ და ინდუსტრიულ სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის.