ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს - რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს l ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.
რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„უზომო ტკივილისა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.
რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.
საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.
მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად.
მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის სულს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“, - აღნიშნულია წერილში.
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
01.10.2026.17:08
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პედაგოგის პროფესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლოა და ისინი თავიანთი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების გამო განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა დღეს თქვენთან შეხვედრა და იმ ადამიანების დაფასება, რომელთა შრომას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი პროფესია გამორჩეულად საჭირო და ამასთანავე, საპასუხისმგებლოა. მასწავლებელი არამხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანის მრავალწლიან შრომას უდიდესი წვლილი მიუძღვის არაერთი თაობის მომავალში.
როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს მთაწმინდის საჯარო სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს ვხვდები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიის ერთგულებისთვის, პასუხისმგებლობისა და იმ ყოველდღიური შრომისთვის, რომელსაც მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებას უძღვნით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში ფარგლებში მთაწმინდის რაიონის 18 საჯარო სკოლის 18 პედაგოგი დააჯილდოვეს. ცერემონიაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე მონაწილეობდნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.