Wall Street-ზე კვირა პოზიტიური კორპორატიული სიახლეებით დასრულდა- Galt & Taggart
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსის, მარიამ ნატროშვილის განცხადებით, ამერიკის საფონდო ბირჟებზე გასული კვირის პოზიტიურ დინამიკას გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად კორპორატიული სიახლეებიც განაპირობებდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მარიამ ნატროშვილმა აღნიშნა, უოლ სტრიტზე მიმდინარე „შემოსავლების სეზონმა“ დამატებითი ბიძგი მისცა ბაზრებს, რაც წამყვანი ინდექსების ზრდაში აისახა.
„კორპორატიული სიახლეები იყო ერთ-ერთი კატალიზატორი გასული კვირის წარმატებულად დასრულებისთვის საფონდო ბირჟებზე. კერძოდ კი, გასული კვირა იყო უოლ სტრიტზე ე.წ. „შემოსავლების სეზონი“.
ძალიან ბევრმა წამყვანმა კომპანიამ პირველი კვარტალური შემოსავლების ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია, რომლითაც მინდა რომ დავიწყო, იყო TESLA, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგები გვაჩვენა EPS-ის მიმართულებით. თუმცა მეორეს მხრივ, პატარა იმედგაცრუებასაც ჰქონდა ადგილი TESLA-თან დაკავშირებით, ვინაიდან მათმა კაპიტალურმა დანახარჯებმა პროგნოზებს 5 მილიარდი დოლარით გადააჭარბა. TESLA-ს შემდეგ ერთ-ერთი წამყვანი ამ სიახლეების იყო კომპანია Boeing-ის მაჩვენებლები, რომელმაც ინვესტორების გაოცებაც კი გამოიწვია, რადგან 22.2 მილიარდ დოლარს მიაღწია მათმა კვარტალურმა შემოსავალმა, რაც 14%-ით მეტია „ბლუმბერგის“ კონსენსუსის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ კომპანიამ 2018 წლის შემდეგ პირველად გადაასწრო კომპანია Airbus მონაცემებს“, - აღნიშნა მარიამ ნატროშვილმა.
მარიამ ნატროშვილის შეფასებით, IBM-ის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული, ხოლო American Express-მა 10%-იანი ზრდა და 18.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა.
American Express შემოსავალი 10%-ით 18.9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც ადასტურებს, რომ პრემიუმ მომხმარებელი კვლავ სტაბილურია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა
27.04.2026.18:20
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მამუკა ბარათაშვილი, ასევე შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ირაკლი (დაჩი) ბერაიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
შეხვედრაზე მან, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას ქვეყნის წინსვლისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ მაღლაკელიძე კარგად იცნობს შემოსავლების სამსახურის სისტემას, ვინაიდან მას წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს და იმედი გამოთქვა, რომ მისი წარმატებული საქმიანობა გაგრძელდება ახალ სამსახურში მუშაობის პერიოდშიც.
თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა განაცხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური უწყების თანამშრომლებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამსახურებრივი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მან მიხეილ მაღლაკელიძეს წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში.