www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასები ერთ სივრცეში შეადარონ და მათთვის სასურველი პროდუქციის შეძენისას ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. პორტალზე ამ დროისათვის 14 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“ და „ზღაპარი“.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასები შეადარონ.
დანაზოგის დათვლის ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში პროდუქციის ფასების შედარების საფუძველზე პოტენციური დანაზოგი გამოთვალოს. აგვისტოს თვის მონაცემებით, მომხმარებლების ჯამურმა დანაზოგმა 2 265.5 ლარი შეადგინა, საშუალოდ ერთ სავაჭრო ქსელზე კი დანაზოგი 161.82 ლარს შეადგენდა. დანაზოგი გამოთვლილია პორტალზე განთავსებულ ერთეულ პროდუქციაზე ფასდაკლებული თანხების ჯამით, თვის განმავლობაში. ამ მაჩვენებლით, აგვისტოში ლიდერი სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ იყო.
www.ekalata.gov.ge-ს მიზანია მომხმარებლისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის შეთავაზებების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ოპერატიულად ახლდება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge-ს განვითარებას აქტიურად განაგრძობს. სამომავლოდ პლატფორმაზე არაერთი ახალი ფუნქციონალისა და სერვისის დამატებაა დაგეგმილი. მათ შორის, მზადდება www.ekalata.gov.ge-ს მობილური აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებისთვის. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სავაჭრო ქსელების მაღაზიების გეოგრაფიული ლოკაციების ფუნქციონალის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს სასურველი სავაჭრო ობიექტების მდებარეობის მარტივად მოძიების შესაძლებლობას მისცემს.
ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ტანას აღკვეთილში ვიზიტორთა ცენტრი და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა მოეწყობა
31.08.2026.13:02
ტანას აღკვეთილში ვიზიტორთა მომსახურებისა და ეკოტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის დაგეგმვასა და მშენებლობას, ასევე ეკოტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების ქსელის, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეების, ცეცხლის დასანთები ადგილების, ტურისტული თავშესაფრებისა და სარეინჯეროების მოწყობა. ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებას და ტანას აღკვეთილში მოგზაურობისთვის კომფორტული, უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
ტანას აღკვეთილი დედაქალაქიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორია გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებითა და მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით.