www.ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: „სუფთა სახლი“ და „ევრო პროდუქტი“ - ასევე გეოლოკაციის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge – ახალი სუპერმარკეტების ქსელები - „სუფთა სახლი“ და „ევრო პროდუქტი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასები ერთ სივრცეში შეადარონ და მათთვის სასურველი პროდუქციის შეძენისას ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“ და „ზღაპარი“.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასები შეადარონ.
დანაზოგის დათვლის ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში, პროდუქციის ფასების შედარების საფუძველზე, პოტენციური დანაზოგი გამოთვალოს.
www.ekalata.gov.ge-ს მიზანია მომხმარებლისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის შეთავაზებების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ოპერატიულად ახლდება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge-ს განვითარებას აქტიურად განაგრძობს. სამომავლოდ პლატფორმაზე არაერთი ახალი ფუნქციონალისა და სერვისის დამატებაა დაგეგმილი. მათ შორის, მზადების ბოლო ეტაპზეა www.ekalata.gov.ge-ს მობილური აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებისთვის.
სხვა სიახლეები
ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი - ინგა ფხალაძე
22.09.2026.15:04
„ჩვენი სურვილია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ მწვანე ენერგეტიკულ სატრანზიტო და საექსპორტო ჰაბად, რაშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი ენიჭება რეგიონულ თანამშრომლობასაც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის და სხვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნების განვითარების პროექტებზე.
„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინგა ფხალაძის თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის მხოლოდ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება არ არის.
„ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი, გავაძლიეროთ მომხმარებელთა უფლებები, წავახალისოთ ინვესტიციები და საქართველოს ენერგეტიკული სისტემა მოვამზადოთ უფრო ფართო ევროპულ სივრცესთან დასაკავშირებლად. ამ გზაზეც მარეგულირებლის როლი განსაკუთრებულია და დღევანდელი ფორუმის საქართველოში ჩატარებაც, გარკვეულწილად, სწორედ ჩვენი მზაობის გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ ენერგეტიკული ტრანსფორმაციის რიგითი მონაწილე, არამედ ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.