ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში - სემეკის თავმჯდომარე
„რამდენიმე თვალსაზრისით, 2026 წელი სემეკისთვის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი პერიოდია“, ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, სემეკი მიმდინარე ზაფხულში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორში ახალი საინვესტიციო განაცხადების მიღებას დაიწყებს და მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმებს შეაფასებს.
„ჩვენ მიმდინარე წლის ზაფხულში მივიღებთ ახალ საინვესტიციო განაცხადებს წყალმომარაგების სექტორში, ვინაიდან წყალმომარაგების სექტორში ჩვენს მიერ დამტკიცებული და შეთანხმებული ინვესტიციების ვადა არის მიმდინარე წლის ბოლომდე. ამიტომაც ჩვენ პერიოდულად უკვე არსებული და ჩადებული ინვესტიციების მონიტორინგს ვახორციელებთ, მაგრამ ამავდროულად შევაფასებთ ამ ჩადებულ ინვესტიციებს და მის ეფექტს და პლუს მომავალ სამწლიან პერიოდზე განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაზე ვიმსჯელებთ, რათა მდგომარეობა წყალმომარაგების და კანალიზაციის სექტორში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ასევე მნიშვნელოვანი იქნება წლევანდელი წელი იმით, რომ 22-23 სექტემბერს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმს, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც აქტუალურ ფაზაშია. უკვე ძალიან ბევრი ენერგეტიკული ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორი მარეგულირებელი უწყებები, კვლევითი ინსტიტუტები რეგისტრირდებიან და შესაბამისად აქვთ ინტერესი, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაესწრონ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ასევე ჩვენ ეტაპობრივად ვხვეწთ მარეგულირებელ აქტებს, ნორმებს, ვგეგმავთ არა ერთ სიახლეს, მათ შორის მომხმარებელთა ძალიან ბევრი სერვისის ელექტრონულ პლატფორმებზე კიდევ უფრო მეტად გადატანასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო იშვიათად მოუწიოს ენერგეტიკული ორგანიზაციების ოფისში სტუმრობა და მან ყველა სერვისი და შესაძლო ოპერაცია სახლიდან გაუსვლელად შეძლოს. ასე რომ, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება ამ თვალსაზრისით და ვაცნობთ ჩვენს აბონენტებს აუცილებლად“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა
18.09.2026.11:54
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის ორგანიზებით გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა.
„გეოპოლიტიკური დაძაბულობა, სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ცვლილება, ფინანსური ბაზრების მერყეობა და სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები გლობალურ ეკონომიკურ ლანდშაფტს ცვლის. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ღია ეკონომიკა და ძლიერი რეგიონული თუ საერთაშორისო კავშირები აქვთ, ეს მოვლენები კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჯანსაღი ეკონომიკისა და სულ უფრო კომპლექსურ გარემოსთან ადაპტაციის უნარის მნიშვნელობას. ამ ფონის გათვალისწინებით, საქართველომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ძლიერი ეკონომიკური მდგრადობა აჩვენა და სტაბილური ზრდა შეინარჩუნა. 2021-2025 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, რითაც საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორისაა. ძლიერი დინამიკა გაგრძელდა 2026 წელსაც - პირველ 7 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი, საქართველოს საგარეო ბალანსის გაუმჯობესებასთან ერთად, მაღალპროდუქტიული სექტორები იყო, მათ შორის ინფორმაცია და კომუნიკაცია, ფინანსური მომსახურება და ტრანსპორტირება. ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები გამყარებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობით. 2023–2024 წლებში საშუალო ინფლაცია 1.8%-ის დონეზე შენარჩუნდა. თუმცა, 2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, რაც ძირითადად საგარეო ფაქტორებით, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად ნავთობზე გლობალური ფასების მატებით იყო განპირობებული. საქართველომ მნიშვნელოვნად შეავსო სავალუტო რეზერვები. 2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სავალუტო რეზერვები გაორმაგდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლსა და ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდ საერთაშორისო აღიარებაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრის ჩატარება რეგიონული დიალოგის გაღრმავებას და ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებას შეუწყობს ხელს.
"J.P. Morgan-მა მსგავსი ფორმატის შეხვედრები სხვადასხვა კონტინენტზე უკვე ჩაატარა და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს რეგიონში პირველ ასეთ ღონისძიებას სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ. ვიმედოვნებ, რომ ეს საფუძველს ჩაუყრის ახალ ტრადიციას და მომავალში მრგვალ მაგიდებს რეგიონის სხვა ქვეყნებიც უმასპინძლებენ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა თბილისში ამდენი კოლეგის ხილვა, რომლებიც 15-მდე ცენტრალურ ბანკს, განვითარების ორგანიზაციასა და ფინანსურ სექტორს წარმოადგენენ. მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკების განვითარების განმსაზღვრელ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ქმნის ღია საუბრის, ერთმანეთისგან სწავლისა და ჩვენს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობას. დღევანდელ ტურბულენტურ გლობალურ ეკონომიკურ გარემოში, ვამაყობთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ და ფინანსურმა სექტორმა გამორჩეული მდგრადობა, სტაბილურობა და ზრდა აჩვენა. ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამან გააძლიერა ჩვენი შესაძლებლობები, გავუმკლავდეთ საგარეო შოკებს და დავიცვათ მაკროეკონომიკური სტაბილურობა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.