ზამთრის პერიოდში, განსაზღვრულ ზონებში ავტომობილთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, კანონმდებლობაში ცვლილებები შედის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილა.
კანონპროექტები დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება სახიფათოა ნისლის, წვიმის, თოვლის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, როდესაც ხილვადობა შემცირებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელიც არ არის აღჭურვილი შესაბამისი საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. განსაზღვრულ ზონებში ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე, კანონით დადგენილ პერიოდში ზამთრის საბურავების, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ნორმების დამრღვევ პირს ფულად ჯარიმასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.