ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი, ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები - პრემიერი
განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია, ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, ეს ეხება სკოლებსაც, პირველ რიგში სკოლის ასაკში იყალიბებს ბავშვი ღირებულებებს და ამიტომ სკოლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცოტა ხანში მთავრობა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.
„მანამდე წარვადგინეთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია, ახლა საუბარია უკვე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე, სადაც ბევრი რამ არის გადასახედი, ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამა, სახელმძღვანელოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა იქნება წარმოდგენილი და აქ ღირებულებით ნაწილშიც გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები, რომ ჩვენ ღირებულებებისგან დაცლილი მომავალი თაობა არ მივიღოთ და ღირებულებები გავუზიაროთ ცოდნასთან ერთად ბავშვებს და სკოლის მოსწავლეებს. იგივე ეხება უმაღლეს განათლებასაც. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორ ღირებულებებს ეფუძნებოდეს ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ ახალგაზრდებს. ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.