ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, თემის სენსიტიურობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა - ეს არ შეესაბამება რეალობას | ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლაზე
ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, თემის სენსიტიურობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ეს არ შეესაბამება რეალობას.
„სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია და საკითხი არ გახდეს მცდარი შეფასებების საფუძველი.
ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, თემის სენსიტიურობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ეს არ შეესაბამება რეალობას.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის რამდენიმე ათეული პრობლემური პროექტი გადაიბარა. მათი გაგრძელება საფუძვლიანი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლების ტექნიკური მდგომარეობის სწორად შეფასება. ამიტომ, დოკუმენტურ შესწავლასთან ერთად, აუცილებელია შენობების მდგრადობისა და უსაფრთხოების ექსპერტიზა. ეს, პირველ რიგში, ბავშვების უსაფრთხოების საკითხია და შესაბამისი გადაწყვეტილებები სპეციალისტების დასკვნებს უნდა ეფუძნებოდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა.
სწორედ ამ პრინციპებით მოქმედებს სამინისტრო სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2 261 583,96 ლარის საერთო ღირებულებიდან კონტრაქტორ კომპანია შპს „დიკა 2010“-ისთვის ჩარიცხულია მხოლოდ 148 894,10 ლარი. აღნიშნული თანხა შენობის შიდა და გარე მოპირკეთების დემონტაჟის სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული.
ობიექტის მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემის შემდეგ დაიწყო პროექტისა და შენობის არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ საწყისი საკონსტრუქციო პროექტი ხარვეზებს შეიცავდა.
ამჟამად, ფონდის მოთხოვნით, მიმდინარეობს დამატებითი სიღრმისეული კვლევა, მათ შორის გეოლოგიური კვლევა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ასევე ამუშავებს განაცხადს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით.
ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სნოს სკოლასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა როგორც ადგილზე, სნოში, ისე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. საბოლოო გადაწყვეტილება კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე იქნება მიღებული.
საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების უსაფრთხოებას, შენობის ისტორიულ მნიშვნელობასა და ხარისხის ყველა შესაბამის სტანდარტს.
სამუშაოები განახლდება მას შემდეგ, რაც სპეციალისტების დასკვნებზე დაფუძნებული, უსაფრთხო და ტექნიკურად გამართული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.