ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ წლევანდელი თბილისობის პროგრამა, როგორც ყოველთვის, მასშტაბური, მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო იქნება.
„თბილისობა ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნების, ისტორიისა და ტრადიციების განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნავთ. თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ მრავალფეროვნება, თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემაა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად აბანოთუბანში თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მიერ მოწყობილი თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა კუთხეები და „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.
ორი დღის განმავლობაში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი. დღესასწაულის ფარგლებში თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულადაა განთავსებული სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, დასასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, აგრეთვე სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
ამასთან, დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.
სხვა სიახლეები
IRF-ის კონგრესის ინჟინრები და ექსპერტები ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ
05.10.2026.11:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი და გამოფენა გაიმართა.
IRF-ის ტექნიკური ვიზიტისა და კულტურული ტურის ფარგლებში, სხავადასხავა ქვეყნიდან ინჟინრებს და დარგის ექსპერტებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო მოედანზე უმასპინძლეს.
დელეგატებმა დაათვალიერეს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი უნიკალური გვირაბი, რომელიც TBM ტექნოლოგიითაა გაყვანილი, პროექტის ყველაზე მაღალი და გრძელი თაღოვანი ხიდი, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ურთულეს რელიეფზე და ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტებით შესრულებული ნაგებობები.
მოწვეულმა ინჟინრებმა ხაზი გაუსვეს შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს, რომელიც რთულ გეოგრაფიულ არელაში და მაღალი სტანდარტებით არის შესრულებული.
ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესის მთავარი თემა იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება მდგრადი, ჭკვიანი და უსაფრთხო გზებით. მონაწილეებმა განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
კონგრესში მონაწილეობდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. მათ დისკუსიისას ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცდილება გაუზიარეს კონგრესის მონაწილეებს. ასევე, ისაუბრეს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში მიღწეულ პროგრესზე, დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობასა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების აუცილებლობაზე.
IRF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-4 რეგიონული კონგრესი და გამოფენა იყო სამდღიანი მაღალი დონის დიალოგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მობილობის მომავალზე. კონგრესი აერთიანებდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ინდუსტრიის ხელმძღვანელებს, ინჟინრებსა და დარგის ექსპერტებს.