ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
სხვა სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა
23.07.2026.18:10
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.