2026 წელი ქართულ კალათბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
გასული 2025 წელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული, წარმატებული და ამაღელვებელი გამოდგა. ვიასპარეზეთ ზედიზედ მე-6 ევრობასკეტზე და მოვხვდით ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის, დავამარცხეთ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები და ევროპული საკალათბურთო ოჯახი ჩვენს სენსაციაზე ავალაპარაკეთ.
ჩვენი ნაკრების მომდევნო გამოწვევა თაობათა ცვლა და 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა. ნოემბერში, ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთნენ, სადაც ესპანეთსა და უკრაინას დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, ორივე შეხვედრაში დავმარცხდით, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსს კვლავ ვინარჩუნებთ.
ჯგუფური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველო ესპანეთის, დანიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად A ჯგუფში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა ასეთია: იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოხვდეს, პირველ რიგში, საჭიროა, რომ მან A ჯგუფში 1-3 ადგილი დაიკავოს.
ამ სცენარით, საქართველო მეორე რაუნდში გადაინაცვლებს, სადაც 6 გუნდს შორის მოხვდება. ანალოგიურად, ჩვენს კალათბურთელებს აქაც მინიმუმ 1-3 ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ. უფრო დეტალურად: პირველი ეტაპის გამარჯვებულები მე-2 ეტაპზე მხოლოდ იმ გუნდებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. პირველ რაუნდში დაგროვებული ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, შესაბამისად, საუკეთესო სამეული ჯამურად მოპოვებული ქულებით გამოვლინდება.
2026 წელს საქართველო 4 ოფიციალურ მატჩს გამართავს:
ჩვენი კალათბურთელების შესახებ
რამდენიმე კალათბურთელს გამოვყოფთ. მოდით, NBA-ის ლეგიონით დავიწყოთ: გოგა ბითაძესა (“ორლანდო მეჯიქი”) და სანდრო მამუკელაშვილს (“ტორონტო რაპტორსი”) შესანიშნავი პერიოდი აქვთ. ბითაძეს მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრა მოუგროვდა, სადაც საშუალოდ 6.1 ქულას, 5.3 მოხსნას და 1.3 ასისტს უყრის თავს. მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს “ორლანდოს” მთავარი მწვრთნელი: “როდესაც გოგას შანსი ეძლევა, მას შესანიშნავად იყენებს”, - თქვა ჯამალ მოსლიმ გოგას მიერ შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ.
რაც შეეხება სანდროს, მისი მონაგარი ახალ კლუბში ასეთია: 40 შეხვედრა, 10.3 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი. მამუს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში გაუმჯობესებული შედეგები აქვს და “ტორონტოში” მისი ტრანსფერი გამართლებულად უნდა ჩავთვალოთ, ვინაიდან გაცილებით მეტი სათამაშო დრო და თავისუფლება ეძლევა.
დანიასთან მატჩებში, NBA-ის კალენდრიდან გამომდინარე, ოკეანის გაღმა მოთამაშე ბითაძე და მამუკელაშვილი ვერ დაგვეხმარებიან. ითამაშებენ თუ არა ისინი ივლისში, ასევე სათუოა და არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი პროგრესი და საკალათბურთო მექაში თავის დამკვიდრების პროცესი ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალ ფურცლებს წერს.
ჩინებულ ფორმაში იმყოფება ჩვენი ნაკრების კაპიტანიც: შენგელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ევროლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა, “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერია, ესპანური კლუბი კი, “რეალთან” ჩამორჩენის მიუხედავად, ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის.
იმ ფონზე, როდესაც გიორგი შერმადინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, უფრო მკვეთრად გამოიკვეთა თაობათა ცვლის საკითხი საქართველოში. მტკივნეულ, მაგრამ აუცილებელ პროცესს მიმდინარე წელს აუცილებლად მივადევნებთ თვალს. საინტერესოა, გვეყოლება თუ არა დებიუტანტები და რომელ კალათბურთელებზე გააკეთებს აქცენტს ჯიკიჩი. ამ გარდამავალ პროცესში, ვიხილავთ არაერთ ექსპერიმენტსა და ცვლილებას, რისი მთავარი მიზანიც ახალი ნაკრების ჩამოყალიბება იქნება.
რამდენადაც თითოეული ქომაგისთვის ძალიან სასურველია 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილის მოპოვება, იმდენად კიდევ უფრო მეტად პრინციპული და აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ახალი საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ტრადიციას არ დაარღვევს და მორიგი გამარჯვებებით გაგვახარებს. ჩვენ დავინახეთ, სად მიჰყავს გამარჯვების ჟინსა და წყურვილს ადამიანი, ჩვენი ნაკრები. ასე რომ, იმედიანად დაველოდოთ 2026 საკალათბურთო წელს და თვალი მივადევნოთ ახალი საქართველოს ნაკრების დაბადებას.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
სხვა სიახლეები
რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო მატჩები გველის - ვილი სანიოლი
19.09.2026.01:34
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის გათამშებისთვის მზადებას 21 სექტემბრიდან დაიწყებს.
ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.
ტრადიციულად, შეკრების დაწყებამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მხოლოდ ამ ოთხ მატჩზე ვერ ვიფიქრებ - ექვსივე შეხვედრა ერთიანი ტურნირის ნაწილია. ჩემთვის მთავარი ქულების კონკრეტული რაოდენობა კი არა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ექვსი წლის წინ საქართველო D ლიგაში თამაშობდა. შემდეგ იყო C ლიგა, B ლიგა, გასულ გათამაშებაში კი ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება შევძელით. ეს რთული ამოცანა იყო — შესაძლოა, იმაზე რთულიც, ვიდრე ბევრს ეგონა, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. რთულია ამჟამინდელი ჯგუფიც, თუმცა ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს. ფეხბურთელებთან ამ თემაზე ბოლო პერიოდში არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა A ლიგაში თამაშზე ოცნებობს. გვინდა, იქ მოვხვდეთ და ყოველ მატჩში უძლიერეს ნაკრებებს დავუპირისპირდეთ. ჩვენი მიზანი პირველი ადგილია, თუმცა დარწმუნებული ვარ, იგივე სურთ უკრაინას, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასაც. ჯგუფში მეტწილად თანაბარი დონის გუნდები არიან, ამიტომ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო მატჩები გველის.
ოთარ მამაგეიშვილს ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვაკვირდებოდით, როდესაც საქართველოში თამაშობდა. შემდეგ მან კარიერის პორტუგალიაში გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა იქ რთული პერიოდი ჰქონდა — სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა და ასეთ პირობებში ნაკრებში მისი გამოძახება რთული იყო. კლუბის შეცვლის შემდეგ მას სათამაშო დრო და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცა. ბოლო კვირებში კარგ თამაშს აჩვენებს. ტრავმის გამო გაგნიძე ვერ შემოგვიერთდება, რამაც შემადგენლობაში ერთი ადგილი გაათავისუფლა. ოთარმა კი თავისი თამაშით ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. მის ძმას უკვე ვიცნობ. მოხარული ვარ, რომ ოთარსაც შევხვდები, დაველაპარაკები და უკეთ გავიცნობ როგორც ფეხბურთელსა და ადამიანს.
გუშინ საღამოს ირაკლი აზაროვთან დაკავშირებით ცუდი ამბავი შევიტყვეთ. დღეს დილით სამწვრთნელო შტაბი შევიკრიბეთ და რამდენიმე შესაძლო კანდიდატურა განვიხილეთ. საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ აზაროვის ნაცვლად ნაკრებში საბა ხარებაშვილისთვის უნდა გამოგვეძახებინა.
ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატის წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოვლენაზე დიდ გავლენას სწორედ ამ ტურნირზე ნაჩვენები თამაში ახდენს. როდესაც ის ინტერვიუ ჩავწერე, ჯგუფური ეტაპი დასრულებული იყო. იმ მომენტში ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ოლისე იყო. ბაიერნში ჩატარებული სეზონისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მაშინ ფავორიტად სწორედ მას მივიჩნევდი. თუმცა ინტერვიუს შემდეგ როგორც ოლისეს, ისე საფრანგეთის ნაკრების თამაშის ხარისხი მკვეთრად დაეცა. ამიტომ დღეს მას „ოქროს ბურთის“ ფავორიტად ვეღარ დავასახელებ.
მოულოდნელად, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გამოიკვეთა ფეხბურთელი, რომელსაც ტურნირის უდავო საუკეთესოს ვუწოდებდით. ასეთ შემთხვევაში ყურადღება საკლუბო სეზონზე უნდა გადავიტანოთ. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და, შესაბამისად, ჩემთვის ახლა ფავორიტი ის არის.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკვე ხუთწელიწადნახევარია ვარ. ამ პერიოდში, როდესაც ხვიჩა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე იყო წარდგენილი და ხმის მიცემის შესაძლებლობა მქონდა, პირველ ადგილზე ყოველთვის მას ვაყენებდი. თქვენ ამბობთ, რომ კვარაცხელიამ უნდა გაიმარჯვოს — მეც იმავეს ვამბობ. თუმცა იმ ინტერვიუს დროს სხვა ვითარება იყო. ჩემი სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა და ამის საფუძველზე ამბის შექმნა უპატივცემულობად მიმაჩნია ადამიანის მიმართ, რომელიც აქ ხუთწელიწადნახევარია მუშაობს და ყოველთვის ცდილობს, მაქსიმუმი გააკეთოს.
როდესაც გურამ კაშიამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ვუთხარით, რომ მისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნებოდა. იმ ყველაფრით, რაც საქართველოსა და ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთა, მან დაიმსახურა შესაძლებლობა ახალი ნაბიჯები სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად გადადგას. კაშიას ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შესაძლო მუშაობაზე პირველად ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატამდე, დაახლოებით ორწელიწადნახევრის წინ ვისაუბრე. ასე რომ, ამ საკითხზე დასაფიქრებლად დრო გვქონდა. თუმცა ვფიქრობ, ჩვენი — ეროვნული ნაკრებისა და სამწვრთნელო შტაბის ვალდებულება იყო, მისთვის სწავლის, ახალი კარიერის დაწყებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიგვეცა. იმედი მაქვს, მისი მეორე კარიერა ისეთივე წარმატებული და ლამაზი იქნება, როგორიც საფეხბურთო კარიერა იყო".
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "გურამ კაშიას ბოლო თამაშის წინაც აღვნიშნე, რომ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. უდიდესი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით და ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შენაძენია ჩვენთვის. ძალიან დაეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ჩვენი მიზანი არის ერთა ლიგაში წარმატების მიღწევა და ვფიქრობ, გურამის ყოფნა ძალიან დაეხმარება ჩვენს ნაკრებს განვითარების გასაგრძელებლად.
ჩრდილოეთ ირდლანდიის წინააღმდეგ უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია. გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა და მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ. გვქონდა კონსულტაცია უეფასთან და გვაქვს იმის საშუალება, რომ მატჩს საფეხბურთო სკოლებიდან 10-დან 14 წლამდე გოგონები და ბიჭები დაესწრონ. რა თქმა უნდა ბილეთებს საჩუქრად მიიღებენ და ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერა დაეხმარება ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში".