4 ოქროს მედალი - ქართველი ძიუდოისტების დომინაცია და ისტორიული ტრიუმფი თბილისში
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
16-19 აპრილს თბილისმა უმასპინძლა ტურნირს, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, სადაც ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით უძლიერესი შემადგენლობით ვიასპარეზეთ, ქართველმა ძიუდოისტებმა 7 მედალს მოუყარეს თავი: ჩვენს აქტივში 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.
ოქროს მედალოსნები გახდნენ:
● გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)
● ლუკა მაისურაძე (90 კგ.)
● ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)
● ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)
ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.), ხოლო ბრინჯაოს მედლით ილია სულამანიძე (100 კგ.) დაჯილდოვდა.
ამ შედეგით, ჩემპიონატში მონაწილე 46 ქვეყანას შორის, პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 27-მა ქვეყანამ ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა და ამ ფონზე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები პოდიუმზე თითქმის განუწყვეტლივ ჩანდნენ - კაცთა შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთის ფინალში ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.
ჩვენი გუნდის კაპიტნის, გურამ თუშიშვილის გამოსვლა ფინალში ძიუდოს ნამდვილი მასტერკლასი იყო. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე ეს გურამისთვის პირველი ტრიუმფი არ ყოფილა, თუმცა ამ ოქროს მედალს განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა, რადგან გამარჯვება სამშობლოში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე იზეიმა. მის წარმატებას კიდევ უფრო ღირებულს ხდის ის ფაქტი, რომ ფინალში გურამმა ლეგენდარული ჩეხი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონს - ლუკა მაისურაძესაც, რომელმაც 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში სერბი კონკურენტი, ნემანია მაიდოვი, დამატებით დროში (Golden Score) ვაზარით დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური ტრიუმფატორი ლაშა ბექაურიც ასპარეზობდა, თუმცა ხელის ტრავმის გამო ლაშამ კვარცხლბეკზე ასვლა ამჯერად ვერ შეძლო.
საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა ქართული სპორტის ცოცხალმა ლეგენდამ, ლაშა შავდათუაშვილმა. ფინალში მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი გახლდათ - ოლიმპიური ოქროსა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მატარებელი. გამარჯვებულის გამოსავლენად 9 წუთი გახდა საჭირო და უზომოდ დაძაბული ბრძოლის შედეგად, 13 წლის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ გააჟღერა.
“ეთერ ლიპარტელიანის საბრძოლო სული წამითაც კი არ ჩამქრალა” - ასე შეაფასა EJU-მ (ევროპის ძიუდოს კავშირმა) ქართველი ძიუდოისტის ასპარეზობა. დიახ, ლიპარტელიანი არამხოლოდ მსოფლიოს, უკვე ევროპის ჩემპიონიცაა. ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევისთან დაპირისპირებაში ეთერი შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე მარცხდებოდა, თუმცა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა, შეხვედრა შემოატრიალა და ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა.
ეს ტურნირი შესანიშნავი დემონსტრაციაა იმისა, თუ რა სიმაღლეზეა ქართული ძიუდოს ტრადიცია. „თუმცა, კიდევ უფრო მეტი შეგვეძლო“ - ასე შეაფასა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა დასრულებული ტურნირი. მისი თქმით, როდესაც ერთი ძიუდოისტი მაინც მედლის გარეშე რჩება, მას სრულფასოვანი კმაყოფილების საბაბი ვერ ეძლევა. ჩვენ შეგვიძლია, ეს სურათი სხვაგვარად დავინახოთ: მედლების რეკორდული რაოდენობისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოპოვებული 4 ოქროს მედლის ფონზე, მთავარი მწვრთნელის ასეთი მაქსიმალიზმი საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ქართული ძიუდო მომავალში კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწევს.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
23.10.2026.08:01
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 30 ევროს ეკვივალენტი ლარში. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელის შესახებ შემდეგი მონაცემების მითითებაა სავალდებულო:
მნიშვნელოვანია, რომ შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად ემთხვეოდეს ბილეთის მფლობელის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებს.
შეძენილი ბილეთები მომხმარებლებს BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მატჩამდე ორი დღით ადრე გაეგზავნებათ.
სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.