ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - სულხან თამაზაშვილი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აჭარაში დაგეგმილ სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა. სულხან თამაზაშვილმა და რევაზ სოხაძემ მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიები დაათვალიერეს.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს 500 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ ინფრასტრუქტურას, საცურაო აუზებს, ფიტნესისა და კულტურულ-შემეცნებითი დანიშნულების სივრცეებს.
ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში რაგბის მოედანი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული რაგბის მოედნის ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. მის ნაცვლად ახალი, 250 მაყურებელზე გათვლილი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით. აშენდება 450 კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, მსაჯების, მწვრთნელებისა და ექიმების ოთახები და სხვა დამხმარე სივრცეები.
ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე.
სხვა სიახლეები
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება
08.09.2026.13:19
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ძირითადი ეტაპი იღებს სტარტს. ტურნირის პირველი ეტაპის გახსნის დღეს 6 მატჩი ჩატარდება, მათ შორის ყველაზე ხმამაღალი მადრიდის „რეალისა“ და მილანის „ინტერის“ დაპირისპირება იქნება.
ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდებიან „აეკი“ და „ლასკი“; „ბრიუგე“ და „ასტონ ვილა“, „პორტუ“ და „მანჩესტერ სიტი“, „ლილი“ და „რეალ ბეტისი“.
ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.