ესპანეთი დავამარცხეთ! საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე რჩება
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.
კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, საქართველოს ნაკრებმა საკალათბურთო სამყაროს დაუმტკიცა, რომ ჩვენთან ფავორიტი არ არსებობს. ესპანეთთან დაპირისპირება მძაფრსიუჟეტიან კინოს ჰგავდა - ეს იყო სცენარი, რომელიც ბოლომდე დაძაბულს გამყოფებს და ფინალში კულმინაციამდე მიგიყვანს. 22-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჩვენმა კალათბურთელებმა უკან არ დაიხიეს და არ გაჩერდნენ: აჩვენეს არა მხოლოდ კლასი, არამედ შეუპოვრობა, რომელიც მხოლოდ დიდ სპორტსმენებს ახასიათებთ.
მატჩი ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის არენაზე მიმდინარეობდა - ეს იყო პირველი ოფიციალური სანაკრებო შეხვედრა მას შემდეგ, რაც დარბაზმა ამ ორი ლეგენდის სახელი მიიღო და როგორი, სიმბოლურია, რომ სწორედ ამ კედლებში, ჩვენმა ბიჭებმა საქართველოს დაუვიწყარი გამარჯვება მოუტანეს.
მატჩის დასაწყისი საკმაოდ მძიმე გამოდგა: ჯგუფში დაუმარცხებელი ესპანეთის ნაკრები მალევე წინ სოლიდური სხვაობით გაიჭრა და პირველი მეოთხედის შემდეგ უკვე 18-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა (32:24). შესვენების შემდეგ, ჩამორჩენამ კრიტიკულ, 22-ქულიან ნიშნულს მიაღწია. დანებება ყველაზე მარტივი გზაა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ქართული უტეხი ხასიათი სწორედ ამ დროს გამოვლინდა.
ჩვენი კაპიტანი, თორნიკე შენგელია, მოედანზე ფაქტობრივად უწყვეტად, 45 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. 37 ქულა და 10 მოხსნა - ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის. თორნიკემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რას ნიშნავს ლიდერობა - უხილავი ძალა, რომელსაც მთელი გუნდი და საკალათბურთო არენაზე შეკრებილი ქომაგი გრძნობდა.
მატჩის მიწურულს, დაღლილობის მიუხედავად, შენგელიამ ენერგია მაინც იპოვა და პარტნიორებსაც გადასცა: მისი დამსახურებით, წინ გავედით, თუმცა ესპანელებმა გაათანაბრეს და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. აქ თავი კვლავ შენგელიამ გამოიჩინა, საქართველომ კი ესპანეთს მორიგი “ქამბექი” შესთავაზა: 5-ქულიანი ჩამორჩენა განულდა, ბოლო აკორდი კი ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა აიღო - რიდმა, რომელმაც 42 წუთში 32 ქულა და 7 ასისტი დააგროვა, ბოლო ზუსტი ორქულიანით მატჩის ბედი გადაწყვიტა (91:89).
ესპანელთა ბოლო, არაზუსტი სამქულიანი და დარბაზის მხურვალე ოვაცია - ეს იყო გამარჯვება, რომელიც მხოლოდ ქულებით არ იზომება. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც მიზანი მკაფიოა, ხოლო გუნდი - ერთიანი, ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია.
სიმტკიცე, გამბედაობა, რწმენა, ღირებულებები და ხასიათი: ეს იყო სიტყვები, რომლითაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდი დაახასიათა. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან რთული მატჩის შემდეგ გუნდმა მენტალური რეაბილიტაცია შეძლო. გუნდის დახასიათებასთან ერთად, ჯიკიჩმა ხაზი გაუსვა კაპიტნის შეუპოვრობას: “მოედანზე ყოფნას მთხოვდაო“ - აღნიშნა სერბმა სპეციალისტმა.
შენგელიას თავგანწირვამ მას ინდივიდუალური რეკორდიც მოუტანა: 37 ქულით მან მაიკლ დიქსონისა და ზაზა ფაჩულიას ისტორიული მაჩვენებელი გააუმჯობესა, თუმცა ასევე აღნიშნა: “ამას ხაზს ნუ გავუსვამთ, მთავარი გუნდური შედეგიაო“.
და რას ნიშნავს ეს გამარჯვება? რა ხდება ამის შემდეგ?
ემოციები გვერდით გადავდოთ და მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ. პირველი ჯგუფური ეტაპი ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა 3-3 ბალანსით დაასრულა და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში ესპანეთისა (5-1) და უკრაინის (4-2) შემდეგ მესამე ადგილი დავიკავეთ, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.
სატურნირო ფორმატის თანახმად, პირველი ეტაპის შედეგები მეორე რაუნდში გადაგვყვება, სადაც A ჯგუფის სამეული B ჯგუფის საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდება. მეორე ეტაპზე ჩვენი მეტოქეები უკვე ცნობილია: საბერძნეთი, მონტენეგრო და პორტუგალია.
ჯიკიჩის გუნდისთვის მეორე ეტაპის მატჩები 2026 წლის აგვისტოდან დაიწყება და 2027 წლის თებერვალ-მარტამდე გაგრძელდება. სწორედ ამ ეტაპზე გაირკვევა, რომელი სამი ნაკრები მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.
მატჩების განრიგი:
• 28.08 | საქართველო v მონტენეგრო
• 31.08 | პორტუგალია v საქართველო
• 26.11 | საბერძნეთი v საქართველო
• 29.11 | საქართველო v პორტუგალია
• 26.02.27 | მონტენეგრო v საქართველო
• 01.03.27 | საბერძნეთი v საქართველო
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს
17.08.2026.14:31
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრს, ლევან გუგავას, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ ბრწყინვალე გამარჯვებას - ევროპის ორგზის ჩემპიონობას, ხოლო საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მეორედ დაუფლებას ულოცავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
რექტორის შეფასებით, ლევან გუგავას წარმატება განსაკუთრებით საამაყოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დავით გურგენიძის თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სპორტული კარიერის წარმატებით შეთავსება ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ბრწყინვალე შედეგს, რაც მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენით მიიღწევა.
„გულითადად ვულოცავ საქართველოს პარაძიუდისტთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობასა და მნიშვნელოვან წარმატებას, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, ლევან გუგავას, პირადად ვულოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას.
ეს გამარჯვება ლევან გუგავას მაღალი პროფესიონალიზმის, ძლიერი ნებისყოფისა და დაუღალავი შრომის ნათელი დასტურია. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს.
სასიხარულოა, რომ ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის პირველივე დღეს ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის - ორი ოქრო. ამ დიდ წარმატებაში ლომის წილი ჩვენს სტუდენტს მიუძღვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ ლევან გუგავას ევროპის ორგზის ჩემპიონობას. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მრავალ ახალ გამარჯვებას და ამასთანავე, საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ის მომავალშიც არაერთხელ ასახელებს საქართველოსა და თავის ალმა-მატერს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან გუგავამ ჰაიდელბერგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, უკრაინელ რუფატ მაჰომედოვს, რუმინელ დანიელ ვარგოვსკისა და ნეიტრალური დროშით მოასპარეზე საადო აბდურაჰმანოვს სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი გამოცდილი ბრიტანელი პარაძიუდოისტი ივენ მოლოი ერთ წუთში ეფექტური გდებით დაამარცხა. რაც შეეხება საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს, მან გუნდურ პირველობაში საფრანგეთს, ესპანეთსა და მოლდოვას ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგო, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსეთის ნაკრებს კი 4:0 სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.