გურამ კაშია კარიერას ივნისში დაასრულებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელმა 23 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაკრების კაპიტანი მედიის წინაშე წარსდგა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან, და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად, მარტის შეკრებისწინა პრესკონფერენციაზე.
გურამ კაშია: "ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.
ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.
38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. მინდა მადლობა ვუთხარ ფეხბურთის ფედერაციას. ყოველთვის ვგრძობდი გვერდში დგომას.
ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.
უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას — ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.
გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია.
უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით — ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე".
გურამ კაშიას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წელს, თბილისში, მონტენეგროსთან მატჩში შედგა. ამ დროისთვის 38 წლის მცველს 128 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და ანგარიშზე სამი გოლია. საქართველოს ნაკრებმა კაშიას კაპიტნობით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
2 ივნისს, საქართველო-რუმინეთის ამხანაგურ შეხვედრაში, კაშიას 129-ე სანაკრებო მატჩი შედგება, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სხვა სიახლეები
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - შალვა გოგოლაძე
20.07.2026.17:14
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„პირველი სპორტის სამინისტროს შექმნისთანავე თუ რამე გავაკეთეთ ეს იყო კვლევა და აუცილებელი იყო ეს კვლევა იმისთვის რომ დიაგნოზი დაგვსვა ზუსტი და გვცოდნოდა რა მიმართულებით უნდა გვემუშავა და სპორტის ძირითადი პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო და ჩავატარეთ ძალიან სრულყოფილი კვლევა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც მოგვცა ყველა მიმართულებით თითოეულ პრობლემაზე დასკვნა. ერთ-ერთი ჩართულობის და ცნობადობის ამაღლების ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება. რატომ უნდათ ახალგაზრდა თაობას რომ სპორტში ჩავიდნენ ეს ემყარება კვლევას, რომელიც არის ძალიან საინტერესო თითოეულ რეგიონში ჩაშლილი.
მეორე მიმართულება ეს არის საერთაშორისო წარმატებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები პირველ-მეორე ნაწილს ინაწილებენ, რითაც ხდება ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლება და ჩართულობა. მე აღვნიშნე, რომ აპრილის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ოთხმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა, ორმა ვერცხლი. სავსე იყო სპორტის სასახლე 10 000 კაციანი თითოეული ქართველის გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თითოეულ ჩვენ გმირს ესწრება და უყურებს თუ როგორ ხდება ჩემპიონი და როგორ ხდება პოპულარული თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება. თქვენ გინახავთ ხვიჩა კვარაცხელიამ რამხელა ეფექტი მოახდინა ფეხბურთის გავლენის კუთხით და როგორი ჩართულობაა, იგივე ლაშა ბექაურის ჩემპიონობამ და თითოეულის გამოსვლა იმ თაობაში ალბათ საათობით სჭირდებათ რამოდენიმე მეტრის გადაადგილებას იმიტომ რომ თითოეულ ახალგაზრდას სურვილი აქვს მასთან ერთად სურათი გადაიღოს, თითოეულ ახალგაზრდას რა თქმა უნდა სურვილი აქვს რომ მისნაირი ჩემპიონი იყოს. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ეს დიდი სპორტული ფორუმები და ღონისძიებები, სადაც ადგილზე ხდებიან ჩემპიონები კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ მიმართულებით ჩართულობას.
მე წეღან რა ღონისძიებებიც დავასახელე იმიტომ ვთქვი რომ თბილისსა და ბათუმში. თბილისი და ბათუმი ამ ეტაპზე გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალრიცხოვანი ჩამოსული ჩვენი წარმომადგენელი დავაბინაოთ. რეალურად 700-800 მონაწილეზე ნაკლები არ ჩამოდის უკვე საქართველოში. მინიმუმ 600 მარტო სპორტსმენი რეგისტრირდება ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ამიტომ სასტუმროები ერთ-ერთი მოთხოვნაა. სასტუმროც არ უნდა იყოს ნახევარ საათზე მეტად დაცილებული სპორტულ დიდ სასახლესთან. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები და თბილისის არსებული სასტუმროები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დიდ ფორმებს ვუმასპინძლოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რომ ახლა იწყება თელავში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. იქ რამოდენიმე გუნდს თელავი უკვე იღებს და შესაბამისად ბოლო 2-3 წელიწადია თელავი არის ეპიცენტრი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ხელბურთში. გორში გვაქვს სურვილი რომ დიდი ღონისძიება გავაკეთოთ. იქ ერთი სასტუმრო Gori Inn არის რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ მცირემასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი ან რაღაც მსოფლიო თასზე გორსაც მივაღებინოთ მონაწილეობა.
ამ ორ მილიარდიან პროექტში ვიწყებთ ქუთაისში ახალი 5000-იანი სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს დამატებით საშუალებას იმისა რომ უკვე ქუთაისიც გავხადოთ ამ ჰაბის ერთ-ერთ ნაწილად, სადაც დიდ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პოპულარიზაცია და ზოგადად ეს სიკეთე მივიტანოთ რეგიონებშიც და რეგიონის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორ ჩამოდიან მათ ქვეყანაში მაღალი კლასის სპორტსმენები და მინდა აღვნიშნო ქუთაისზე რომ ქუთაისმა და თბილისმა მიიღო რაგბის 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი წინა თვეს და ძალიან მაღალ დონეზე იქნა ნამასპინძლარი. უბრალოდ 5-4 გუნდს მასპინძლობს ესეთი რეგიონები, გარდა ბათუმისა და თბილისისა”, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.