გურამ კაშია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს დღეს ჩაატარებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.
დღევანდელი მატჩი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბოლო, 129-ე იქნება გუნდის შემადგენლობაში.
„შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო. იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას.
ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს.
ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია“, - განაცხადა კაშიამ პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა
25.10.2026.00:47
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა.
აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმაც ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
5-რაუნდიანი ბრძოლა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე" გაიმართა.