მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. დვალიშვილი დღეს რიყის პარკში გულშემატკივრებს შეხვდება, ასევე მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
„ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ქართველ გულშემატკივარს საქართველოშიც და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ემიგრანტს, ვინც მგულშემატკივრობს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ვიღებ მათგან. ისეთ ენერგიას ვიღებ, რომ არასოდეს მინდა ამ სპორტს თავი დავანებო და გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს ამოვწურავ, სანამ ჯანი და ღონე მაქვს და კიდევ ვვითარდები. მოკლედ, გაჩერებას არ ვაპირებ“, - განუცხადა დვალიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
27.11.2026.18:33
საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 88:92.
განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.
საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.
საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.