ქართველი ფეხბურთელები ტოპ 5 ლიგაში | პროცესი, რომელიც არ ჩერდება - საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია
2025/26 წლების საფეხბურთო სეზონის კალენდარი იმდენად გადატვირთულია, ფეხბურთის გულშემატკივარს მოსაწყენად საქმე არასოდეს აქვს. ისიც სათქმელია, რომ ტოპ 5 ლიგის მატჩებზე თვალყურის მიდევნებასქართველი გულშემატკივრებისთვის ეროვნული ელემენტებიც სდევს და რაოდენ სასიხარულოა, რომ ქართველი ფეხბურთელების წარმატება მსოფლიო ასპარეზზე უცხო მოვლენა აღარ არის - კვირიდან კვირამდე მათ ფანტასტიკურ გოლებისა თუ მატჩების მოლოდინში ვართ.
თუ ადრე ქართველი ფეხბურთელების ევროპული გზა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაზე ან ავსტრია-ბელგიის ჩემპიონატებზე გადიოდა, 2026 წლისთვის სურათი რადიკალურად შეიცვალა. დღეს ტოპ 5 ლიგაში (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) მინიმუმ ერთი წარმომადგენელი გვყავს.
დროის თვალსაზრისით, ეს სწრაფი პროგრესი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერითა და იმ საოცარი სეზონით დაიწყო, როდესაც საფეხბურთო სამყარომ კვარა-მარადონა-ნეაპოლის მოულოდნელ ტრიადაზე დაიწყო საუბარი. ამას მოჰყვა ჩვენი ნაკრების სენსაციური გამოსვლა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე - პორტუგალიის დამარცხება და ჭიდილი ესპანეთთან მერვედფინალში.
დასავლურმა სპორტულმა გამოცემებმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მთავარი „ანდერდოგი“ უწოდეს. იყო კიდევ არაერთი დაუვიწყარი შეფასებაც, მაგალითად - The Georgian Wall, რომელიც გიორგი მამარდაშვილს New York Times-მა შეარქვა. და ეს არ ყოფილა გადაჭარბებული: გიორგიმ ოთხ მატჩში 29 სეივი შეასრულა, გიორგი მიქაუტაძე კი ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.
ერთი სიტყვით, საქართველო საფეხბურთო რადარებზე დიდი ხმაურით დაბრუნდა და ცხადზე ცხადი გახდა, რომ ამ ნიჭიერ ტალანტებს დიდი მომავალი ელოდათ.
კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას კარიერული ზრდა, საკლუბო მიღწევები და საფეხბურთო ტრანსფორმაცია მისი ფინტებივით თავბრუდამხვევია. 1 წლის წინ, “პარი სენ-ჟერმენში” მისი ტრანსფერის შემდეგ საფეხბურთო სცენაზე სულ სხვა კვარა ვიხილეთ.
ჯერ ანტონიო კონტეს, შემდეგ კი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, კვარაცხელია სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა. ის აღარ არის მხოლოდ მარცხენა ფლანგის შემტევი, რომელიც მეტოქეს მოულოდნელი ცრუმოძრაობებით აბრუებს. გასული წლიდან მოყოლებული, ხვიჩას თამაშში აშკარაა ტაქტიკური ტრანსფორმაცია: ის უფრო მეტს მუშაობს უბურთოდ, აქტიურად ეხმარება დაცვას და მისი როლი პარიზულ გრანდში ბევრად უფრო კომპლექსური გახდა. მეტოქეები მის წინააღმდეგ ხშირად ორ ან სამ მცველს აყენებენ, რაც ხვიჩას საშუალებას აძლევს, თანაგუნდელებისთვის თავისუფალი სივრცეები შექმნას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გასული სეზონის ბოლოს, პირველი ქართული გოლი ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში: უსმან დემბელეს ზუსტი გადაცემა, კვარაცხელია მეკარესთან ერთი-ერთზე რჩება, დარტყმა მარცხენა ფეხით და ვხედავთ მოედანზე მორბენალ, მოზეიმე ლუის ენრიკეს, რომელმაც იცის, რომ კვარას გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.
მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი “ენფილდზე” მერსისაიდელი გულშემატკივრის მიერ დაგუგუნებულ You’ll Never Walk Alone-ს უსმენს და ვირჯილ ვან დაიკთან ერთად “ლივერპულის” კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ეს სულ სხვა მასშტაბია - დღემდე არცერთ ქართველი მეკარეს ამ დონისთვის არ მიუღწევია.
თუმცა, ეს ჯერ კიდევ თვითდამკვიდრებისა და კონკურენციაში ჭიდილის პროცესია. “ვალენსიაში”, ადგილობრივ ქომაგს თავი შეაყვარა, მსოფლიო ფეხბურთს საკუთარი თავი გააცნო, შემდეგ კი პირინეის მზიანი ნახევარკუნძულიდან “ნისლიანი ალბიონისკენ” გადაინაცვლა, სადაც კონკურენტის სახით, კლუბის ლეგენდა, კლაუდიო ტაფარელის ხელში გამოწვრთნილი ალისონ ბეკერი დახვდა.
მისი სათამაშო დრო შემცირდა, თუმცა გიორგი მებრძოლია და მისი მთავარი მიზანი ნებისმიერ კლუბში ძირითად შემადგენლობაში თამაშია. როდესაც ეძლევა შანსი, ამტკიცებს, რომ უმაღლესი კლასის მეკარეა - თუნდაც გავიხსენოთ ერლინგ ჰოლანდის 11-მეტრიანი და მამარდაშვილის მიერ გამოცნობილი კუთხე.
“ლივერპულისთვის” მამარდაშვილი როგორც დღევანდელი, ასევე ხვალინდელი დღეა. ალისონ ბეკერის შემდეგ, იგი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა „ლივერპულის“ ისტორიაში. ცხადია, სტატუსი კი დამატებითი პასუხისმგებლობაა - კლუბის ხელმძღვანელობამ მასში ალისონის ეპოქის ღირსეული მემკვიდრე დაინახა. და როდის ვიხილავთ მას უცვლელად ძირითად შემადგენლობაში? ეს მხოლოდ დროის საკითხია.
მიქაუტაძე
„მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი“... ვერცხლისწყალივით მოძრავი, არაპროგნოზირებადი, ფორვარდის ინსტინქტებით მართული და გოლზე დაგეშილი გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.
მიქაუტაძე „ვილიარეალში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია. კლუბის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო, მას სრულ ნდობას უცხადებს, რასაც ქართველი შემტევი გატანილი გოლებითა და საგოლე გადაცემებით პასუხობს. მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 3 ასისტია. „ვილიარეალი“ კი ლა ლიგაში მეოთხე პოზიციას მყარად იკავებს და მდევრებთან სოლიდური სხვაობის წყალობით, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს.
ესპანური, ტექნიკური ფეხბურთი მიქაუტაძის სათამაშო სტილს იდეალურად მოერგო - იქ, სადაც სივრცეები ცოტაა, გიორგის ინსტინქტები, სწრაფი აჩქარება და გოლის ალღო გადამწყვეტ უპირატესობას ქმნის.
გოგლიჩიძე
სერია A-ში გადავინაცვლოთ. ქუთაისის “ტორპედოდან” “ემპოლიში” გადაბარგებულმა გოგლიჩიძემ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ადგილობრივი ექსპერტებიც აალაპარაკა. ტოსკანურ კლუბში თავის დამკვიდრების შემდეგ, მან “უდინეზეში” გადაინაცვლა, სადაც საკმარისი სათამაშო დრო არ მიეცა და იმის მიუხედავად, რომ გასულ სეზონში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და კალჩოს გრანდები მასზე ნადირობას აცხადებდნენ, ამ გათამაშებაში მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა.
სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, საბა უდინელებმა ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარ „უოტფორდში“ გაანათხოვრეს. ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, გოგლიჩიძეს თანამემამულესთან, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ითამაშებს. აქვე გეტყვით რომ, „უოტფორდსა“ და „უდინეზეს“ საერთო მფლობელი, პოცოების ოჯახი ჰყავს.
ბუდუ
"კარლსრუედან" "ჰაიდენჰაიმში" გადაბარგებული ბუდუ ზივზივაძე იმ ქართველ ფეხბურთელთა სიას შეუერთდა, ბუნდესლიგაში რომ გაუგორებიათ ბურთი. ზივზივაძეს “კარლსრუეში” შესანიშნავად მისდიოდა საქმე, თუმცა ბუნდესლიგა სულ სხვა გამოწვევა იყო.
როგორც აღმოჩნდა, “ჰაიდენჰაიმისთვის” ბუნდესლიგაში ასპარეზობა რთული გამოწვევა გამოდგა. რამდენიმე ეფექტური გოლის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ბუდუს არ მიეცა იმის საშუალება, რომ პოტენციალი სრულად გამოეყენებინა. ნოემბრის შემდეგ, ქართველი ფორვარდი მუხლის ტრავმას მკურნალობდა და მოედანს, თებერვალში, გიორგი გოჩოლეიშვილის “ჰამბურგთან” დაუბრუნდა.
ქართული ლეგიონი
ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, ტოპ 5 ჩემპიონატში, უმაღლეს დონეზე, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ასპარეზობს. გიორგი აბუაშვილი, გიორგი წიტაიშვილი და ახლა უკვე გიორგი ქვილითაია “მეცის” მაისურით უტევენ ფრანგულ კლუბებს. ლოთარინგიული გუნდში გიორგი მიქაუტაძის გახსნილ კარში კიდევ 3 გიორგი შევიდა და სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში “მეცი” ქართველებს ისევ დაუბრუნდება. "ჰამბურგის" ღირსებას გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, საბა საზონოვი კი “ტორინოში” ირიცხება და ამჟამად, ახალი კლუბის ძიებაშია. შეგახსენებთ, საზონოვი ზაფხულში “ხეტაფეში” გადასვლასთან ახლოს იყო და მისი ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
რაც მეტი დრო გადის, უფრო და უფრო მეტ ქართველ ფეხბურთელს ვხედავთ ევროპულ კლუბებში, რაც საქართველოს ნაკრების პოტენციალს უფრო და უფრო მეტად ზრდის. და რაც მთავარია, ქართული ფეხბურთი მხოლოდ ცალკეული ტალანტების იმედად აღარ არის.
და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ტრავმას ებრძვის, ზოგი კი ახალი კლუბის ძიებაშია, მთავარი ფაქტი უცვლელი რჩება: ქართველი ფეხბურთელი ევროპული გრანდებისთვის სასურველ და საიმედო აქტივად, ასევე წარმატების გასაღებად იქცა. წინ დიდი საფეხბურთო წელი გველოდება და საინტერესოა, ეს დინამიკა ქართულ ფეხბურთს რომელ ნაპირზე გაიყვანს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
4 ოქროს მედალი - ქართველი ძიუდოისტების დომინაცია და ისტორიული ტრიუმფი თბილისში
21.04.2026.19:42
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
16-19 აპრილს თბილისმა უმასპინძლა ტურნირს, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, სადაც ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით უძლიერესი შემადგენლობით ვიასპარეზეთ, ქართველმა ძიუდოისტებმა 7 მედალს მოუყარეს თავი: ჩვენს აქტივში 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა.
ოქროს მედალოსნები გახდნენ:
● გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)
● ლუკა მაისურაძე (90 კგ.)
● ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)
● ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)
ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.), ხოლო ბრინჯაოს მედლით ილია სულამანიძე (100 კგ.) დაჯილდოვდა.
ამ შედეგით, ჩემპიონატში მონაწილე 46 ქვეყანას შორის, პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 27-მა ქვეყანამ ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა და ამ ფონზე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები პოდიუმზე თითქმის განუწყვეტლივ ჩანდნენ - კაცთა შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთის ფინალში ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.
ჩვენი გუნდის კაპიტნის, გურამ თუშიშვილის გამოსვლა ფინალში ძიუდოს ნამდვილი მასტერკლასი იყო. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე ეს გურამისთვის პირველი ტრიუმფი არ ყოფილა, თუმცა ამ ოქროს მედალს განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა, რადგან გამარჯვება სამშობლოში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე იზეიმა. მის წარმატებას კიდევ უფრო ღირებულს ხდის ის ფაქტი, რომ ფინალში გურამმა ლეგენდარული ჩეხი ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონს - ლუკა მაისურაძესაც, რომელმაც 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში სერბი კონკურენტი, ნემანია მაიდოვი, დამატებით დროში (Golden Score) ვაზარით დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური ტრიუმფატორი ლაშა ბექაურიც ასპარეზობდა, თუმცა ხელის ტრავმის გამო ლაშამ კვარცხლბეკზე ასვლა ამჯერად ვერ შეძლო.
საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა ქართული სპორტის ცოცხალმა ლეგენდამ, ლაშა შავდათუაშვილმა. ფინალში მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი გახლდათ - ოლიმპიური ოქროსა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მატარებელი. გამარჯვებულის გამოსავლენად 9 წუთი გახდა საჭირო და უზომოდ დაძაბული ბრძოლის შედეგად, 13 წლის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ გააჟღერა.
“ეთერ ლიპარტელიანის საბრძოლო სული წამითაც კი არ ჩამქრალა” - ასე შეაფასა EJU-მ (ევროპის ძიუდოს კავშირმა) ქართველი ძიუდოისტის ასპარეზობა. დიახ, ლიპარტელიანი არამხოლოდ მსოფლიოს, უკვე ევროპის ჩემპიონიცაა. ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევისთან დაპირისპირებაში ეთერი შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე მარცხდებოდა, თუმცა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა, შეხვედრა შემოატრიალა და ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა.
ეს ტურნირი შესანიშნავი დემონსტრაციაა იმისა, თუ რა სიმაღლეზეა ქართული ძიუდოს ტრადიცია. „თუმცა, კიდევ უფრო მეტი შეგვეძლო“ - ასე შეაფასა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა დასრულებული ტურნირი. მისი თქმით, როდესაც ერთი ძიუდოისტი მაინც მედლის გარეშე რჩება, მას სრულფასოვანი კმაყოფილების საბაბი ვერ ეძლევა. ჩვენ შეგვიძლია, ეს სურათი სხვაგვარად დავინახოთ: მედლების რეკორდული რაოდენობისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოპოვებული 4 ოქროს მედლის ფონზე, მთავარი მწვრთნელის ასეთი მაქსიმალიზმი საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ქართული ძიუდო მომავალში კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწევს.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.