საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოჭიდავეები და საბრძოლო სპორტის ვარსკვლავები უკვე საქართველოში იმყოფებიან და 11 ივლისს დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირისთვის - RAF Georgia-სთვის ემზადებიან.
თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს - RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.
ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.
წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight - ქალები) - 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) - 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) - 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) - 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) - 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) - 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) - 125 კგ-მდე.
ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.
RAF Georgia მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჭიდაობის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტრადიციული სპორტის სახეობის, საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიება მსოფლიო დონის სპორტსმენების მონაწილეობით ხელს შეუწყობს ქართველი მოჭიდავეების მიღწევების წარმოჩენას, მათი წარმატებების საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანასა და ქართული ჭიდაობის ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებას.
ამასთანავე, ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
RAF Georgia-ს სპონსორები არიან: გენერალური სპონსორი - Leader-bet, ასევე: biletebi.ge. ALMA, Bene, ტელეკომპანია იმედი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და ტურიზმის ადმინისტრაცია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს
17.08.2026.14:31
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრს, ლევან გუგავას, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ ბრწყინვალე გამარჯვებას - ევროპის ორგზის ჩემპიონობას, ხოლო საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მეორედ დაუფლებას ულოცავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
რექტორის შეფასებით, ლევან გუგავას წარმატება განსაკუთრებით საამაყოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დავით გურგენიძის თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სპორტული კარიერის წარმატებით შეთავსება ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ბრწყინვალე შედეგს, რაც მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენით მიიღწევა.
„გულითადად ვულოცავ საქართველოს პარაძიუდისტთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობასა და მნიშვნელოვან წარმატებას, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, ლევან გუგავას, პირადად ვულოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას.
ეს გამარჯვება ლევან გუგავას მაღალი პროფესიონალიზმის, ძლიერი ნებისყოფისა და დაუღალავი შრომის ნათელი დასტურია. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს.
სასიხარულოა, რომ ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის პირველივე დღეს ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის - ორი ოქრო. ამ დიდ წარმატებაში ლომის წილი ჩვენს სტუდენტს მიუძღვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ ლევან გუგავას ევროპის ორგზის ჩემპიონობას. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მრავალ ახალ გამარჯვებას და ამასთანავე, საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ის მომავალშიც არაერთხელ ასახელებს საქართველოსა და თავის ალმა-მატერს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან გუგავამ ჰაიდელბერგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, უკრაინელ რუფატ მაჰომედოვს, რუმინელ დანიელ ვარგოვსკისა და ნეიტრალური დროშით მოასპარეზე საადო აბდურაჰმანოვს სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი გამოცდილი ბრიტანელი პარაძიუდოისტი ივენ მოლოი ერთ წუთში ეფექტური გდებით დაამარცხა. რაც შეეხება საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს, მან გუნდურ პირველობაში საფრანგეთს, ესპანეთსა და მოლდოვას ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგო, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსეთის ნაკრებს კი 4:0 სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.