საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი თბილისში
25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს.
ტრავმის გამო, ნაკრების მოახლოებულ მატჩებში მონაწილეობას ავსტრიული „ვოლფსბერგის“ ფეხბურთელი ოთარ მამაგეიშვილი ვერ მიიღებს. მის ნაცვლად, ვილი სანიოლმა ნაკრებში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი, ვლადიმერ მამუჩაშვილი გამოიძახა. ეროვნულ გუნდს ასევე „რეალ სოლტ ლეიქის“ შემტევი, საბა ლობჟანიძე შეუერთდება.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ორშაბათიდან მთელი გუნდი ერთად არის და, როგორც ყოველთვის, მიხარია, რომ ფეხბურთელები შეკრებას ბედნიერად შეხვდნენ. ისინი მზად არიან, რომ ამ ოთხ მატჩში კარგი შედეგები აჩვენონ.
ბოლო რამდენიმე კვირა და თვე გარკვეულწილად რთული იყო, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა. ვგულისხმობ ოთარ კიტეიშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშეს და საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონიათ. ასევე, ოთარ კაკაბაძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ.
ისინი მნიშვნელოვანი, საკვანძო ფეხბურთელები არიან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთა ლიგისა და ამ ოთხი მატჩისთვის მომზადება მარტივი არ ყოფილა. თუმცა, მთელი კვირის განმავლობაში ფეხბურთელებმა შესანიშნავი მოტივაცია და თავდადება აჩვენეს. იმედი მაქვს, ამას ხვალ მოედანზეც გადავიტანთ და კარგ თამაშს ჩავატარებთ.
ოთარ მამაგეიშვილმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გაიარა. სამწუხაროდ, მოახლოებულ მატჩებში ვერ დაგვეხმარება. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან შეიძლება ფეხბურთელს ხშირად უყურებდე ტელევიზიით ან სტადიონზე, მაგრამ ყოველთვის გინდა, რომ ის შენ გვერდით გყავდეს, ნახო ვარჯიშზე, მოედანზე, ესაუბრო და უკეთ გაიცნო.სიმართლე გითხრათ, მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის სამი-ოთხი დღე, რომელიც ერთად გავატარეთ, ჩემთვის ძალიან დადებითი იყო. სანამ წავიდოდა, სწორედ ეს ვუთხარი: „ძალიან ნუ დამწუხრდები. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. თუ ტრავმას მოიშუშებ და კლუბში თამაშს გააგრძელებ, ნოემბერში ისევ დაბრუნდები.“
დრო შეიცვალა, თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ წარსული უკეთესი იყო, როდესაც ფეხბურთელები უბრალოდ თამაშობდნენ და წლის ბოლოს ელოდნენ, ვინ გახდებოდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი. გამარჯვებით ბედნიერები იყვნენ ან, სხვა შემთხვევაში, იმედგაცრუებულები. ბოლო რამდენიმე კვირაში ძალიან ბევრჯერ მოვისმინე ფეხბურთელებისგან — „მე საუკეთესო ვარ“.ხვიჩას მსგავსი რამ არასდროს უთქვამს და სწორედ ამიტომ ვარ ძალიან ამაყი, რომ მისი მთავარი მწვრთნელი ვარ. ის მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი კი არა, შესანიშნავი პიროვნებაცაა, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავზე წინ გუნდს აყენებს. დარწმუნებული ვარ, ამას ხვალაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. ის ჩვენი ლიდერია და ვიცით, რომ როდესაც ხვიჩა კარგად თამაშობს, ყველაფერი კარგად მიდის. იმედი მაქვს, ხვალაც ასე იქნება.“
ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი): „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ჯგუფის მოგება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი გუნდები შეგვხვდნენ. უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. თითოეულ ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენი მიზანია მაქსიმალური რაოდენობის ქულების მოპოვება, ერთა ლიგის კარგად დასრულება და შემდეგ იმ ყველაფრისთვის მომზადება, რაც ყველას ერთად ძალიან გაგვახარებს. რაც შეეხება თამაშების გრაფიკს, ოთხი მატჩის ჩატარება ათ დღეში არც ერთი გუნდისთვის არ იქნება მარტივი. ძალიან რთული იქნება მატჩებს შორის აღდგენა.მაგრამ, როგორც მახსოვს, ორი-სამი წლის წინაც გვქონდა მსგავსი სიტუაცია. მაშინაც ოთხი თამაში ვითამაშეთ ათ დღეში და, თუ სწორად მახსოვს, ეს ყველაფერი კარგად ჩავატარეთ.ამიტომ გამოცდილება გვაქვს. ბიჭების მოტივაცია, ხარისხი და მომზადება ძალიან კარგ დონეზე მიმდინარეობს და ვფიქრობ, ყველაფრისთვის მზად ვართ.
გიორგი კვერნაძეს ყოველთვის განვითარება და სწავლა სურს. მას აქვს ყველა ის თვისება, რომ უმაღლეს დონეს მიაღწიოს და ყველაფერი შეძლოს, რაზეც ოცნებობს. ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ვცვლით რჩევებს და ერთმანეთს წარმატებებს ვუსურვებთ. მისი წარმატება ისე მიხარია, როგორც საკუთარი და ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს. მას აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს და, დიდი ალბათობით, ასეც იქნება. ყველაფერს სწორად აკეთებს და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს.
თავიდანვე ვიცოდით, რომ გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევდა თამაში. თუმცა, სანამ ჩამოვიდოდით, გავიგეთ, რომ ბავშვები თამაშზე დასასწრებად და ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდოდნენ. ზუსტად რამდენი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ისინი ჩვენთან იქნებიან. ალბათ, ჩვენთვის ეს ყველაზე სასიხარულო ამბავია. ჩემი აზრით, ყველაზე დიდ სიყვარულს სწორედ ბავშვებისგან ვგრძნობთ. თითოეული ფეხბურთელი მათთვის მაგალითია და ძალიან გაგვიხარდა, რომ ისინი მოვლენ, მხარს დაგვიჭერენ და იმედი მაქვს, თამაშის შემდეგ სახლში ბედნიერები წავლენ.
რაც შეეხება თორნიკე კვარაცხელიას, პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც მას ახალგაზრდულ ნაკრებში ვხედავ. მას ყოველდღიურად გაწეული შრომა უფასდება. კარგი ბიჭია, ყოველთვის აქვს კითხვები და უფრო მეტის სწავლა სურს.იმედი მაქვს, ისეთი კარიერა ექნება, რომელიც ძალიან გააბედნიერებს. იმედი მაქვს, ჩემზე ბევრად წარმატებული კარიერა ექნება. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ძალიან მიხარია, რომ მის კარიერაში ეს ყველაფერი ხდება.„ოქროს ბურთი“ ფეხბურთში ყველაზე დიდი ინდივიდუალური ჯილდოა. უდიდესი პატივია ამ ჯილდოზე ნომინირებული იყო და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს, პატარა ქვეყანას წარმოვადგენ. იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც საკუთარი ოცნებები აქვთ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამ ოცნებებს უფრო რეალურს ხდის. მათ ვაჩვენებთ, რომ პატარა ქვეყნიდანაც შესაძლებელია ამ დიდ რბოლაში მოხვედრა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის — თქვენ, ქართველ ხალხს და ყველა დანარჩენს.“
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
28.09.2026.08:47
საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილთან ერთად უპასუხა.
პრესკონფერენციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს ახალი მთავარი მწვრთნელი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინა და წარმატებები უსურვა. ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს კი მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
საქართველო - უკრაინის შეხვედრა 28 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს გაწეული სამუშაოსთვის. ის არის პირველი მწვრთნელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ ევროპის ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ნაკრების განვითარებისა და წინსვლისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ.
რაც შეეხება რამაზ სვანაძეს, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით, რომ ოდესმე ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორჯერ ითამაშა ახალგაზრდული ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე. მას ძალიან დიდი როლი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რამაზ სვანაძე სამი თამაშისთვის არ მოსულა. ჩვენ მასთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გვაქვს. დარწმუნებული ვართ მის წარმატებაში, მის შესაძლებლობებში და გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი - ევროპის ჩემპიონატზე თამაში - რეალურია. დარწმუნებული ვართ, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს აქვს რეალური შანსი, ამ რთულ მისიას წარმატებით გაართვას თავი და ყველამ ერთად ვიზეიმოთ".
რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ყოვლისა, მსურს, ვილი სანიოლს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. ასევე იმისთვის, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასევე მინდა ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის იყო და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. ეს ნდობა შემთხვევით არ მოსულა, რადგან ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება — ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად მე, ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით.
უახლოეს მატჩებში ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და სწორი ემოცია იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი მიმართული იქნება ამის გამოსწორებისკენ.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ორი მწვრთნელი დღეს ჩემთან ერთად არის — გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი, და ბონდო გოცირიძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე მოახლოებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა იქნება სტაბილურობის მიღწევა — სტაბილურობის, რომელიც აისახება როგორც საფეხბურთო ხარისხში, ისე შედეგებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ამ წუთას სწორედ ეს არის — მივაღწიოთ სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომებისა და სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მიღწევადია.
ასევე მინდა მივმართო მაყურებელს. არაერთხელ, პირადად მიგრძნია მათი მხარდაჭერა. ვიცი, რამდენად რთულია ქართველისთვის იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს არ არის იგივე მდგომარეობა, რაც აქვს, მაგალითად, უცხოელს, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს. მაგრამ ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ ქომაგს, როდესაც ის ერთიანია. ამიტომ, ხვალ იმ ერთიანობასა და მხარდაჭერას ველი. 11 წელია, ქართველი არ ყოფილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მე ამით ამაყი ვარ, თუმცა, ამავე დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა, რომ ამ საქმეში ყველანი ერთიანები ვიყოთ.
ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც სადღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავახარებთ ქომაგებს, როგორც მაშინ გავახარეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით".
ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "პირველ რიგში, ვისარგებლებ შესაძლებლობით და დიდ მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს იმისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ. ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით — ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და თამაშით დაგვირგვინდა. უბრალოდ, გარკვეული შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ დაფიქსირდა, არ იყო შესაბამისი. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთში გუნდი იგებს და გუნდი აგებს. ჩვენც, ფეხბურთელებს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს და ამას ვაცნობიერებთ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრებში, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ყველაფერი დადებითად შეიცვლება.
გულშემატკივარს ერთადერთ რამეს ვპირდები - პირადად მე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე გავა, ყოველთვის ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ამას მე და ეს ნაკრები ყოველთვის ვცდილობთ. უბრალოდ, შეიძლება, ეს მოედანზე გარკვეულ მომენტებში სხვანაირად გამოიხატოს. ხვალინდელ შეხვედრაში კი დარწმუნებული იყავით, რომ იგრძნობთ იმ მუხტს, რომელიც გვაქვს, იმ სიყვარულს, რომელიც ამ გუნდსა და ნაკრებს ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს.
პირადად მე რაც მახსოვს, უკრაინის ნაკრებთან ორი თამაში მაქვს ჩატარებული. იმ ფორმაციის უკრაინის ნაკრებს დღევანდელ გუნდს თუ შევადარებთ, საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ამიტომ, ახლა განსხვავებულ გუნდს ვეთამაშებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ".