საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან.
მარტის შეკრების პირველი ვარჯიშის დაწყებამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პრესკონფერენციაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნლემა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხეს.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მიზანი, როგორც ყოველთვის, არის სწორი ბალანსის პოვნა ჩვენს დაცვით და შეტევით შესაძლებლობებს შორის. იმედგაცრუებული ვარ ბოლო ექვსი თვის შედეგებით. განსაკუთრებით საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, რადგან ვფიქრობ, უკეთ შეგვეძლო თამაში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.
თუმცა, ზოგჯერ სწორედ რთულ ვითარებაში იწყებ გამოსავლის პოვნას. ახლა, მარტიდან ივნისამდე ოთხი ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სიახლეებისთვის. ვგულისხმობ როგორც ახალ მოთამაშეებსაც, ისე ტაქტიკურ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, ამ ოთხ მატჩს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვცადოთ სხვადასხვა ვარიანტი და ვიპოვოთ საუკეთესო ბალანსი მომავალი წლისთვის.
ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით. არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთ და A ლიგაში გადავალთ, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე იქნება პირველი ადგილის დაკავება — ეს ბუნებრივია ნებისმიერი ტურნირისთვის.თუმცა ვიცით, რომ უნგრეთთან, ირლანდიასთან და უკრაინასთან ძალიან რთული ჯგუფი იქნება. ამიტომაც ეს ოთხი მატჩი მარტსა და ივნისში ძალიან მნიშვნელოვანია რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მაქსიმალურად გავზარდოთ მოთამაშეების თავდაჯერება".
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო თითოეული ჩვენგანის ღრმა მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, სრულიად საქართველოსა და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და მძიმე დანაკლისია. პატრიარქის თითოელი სიტყვა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ბევრი ჩვენგანისათვის ცხოვრების მაგალითად დარჩება. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა — თითოეული ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 17-წლამდე ნაკრებთან ერთად იყო შეკრებაზე მათე ისაკაძე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის 15-წლამდე ნაკრების კაპიტანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს ნაკრებს აირჩევს. შემდეგ შეკრებაზე ჩამოვა ნიურნბერგის 17-წლამდე გუნდის წევრი, რომელიც დედით ქართველია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს კონკურეციის ზრდას და ჩვენი ნაკრებების გაძლიერებას.
ვმუშაობთ ივნისის მეორე ამხნაგური მატჩის ორგანიზებაზე. მეტოქის შერჩევისას, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მთავარ მწვრთნელთან. სწორედ მწვრთნელის იდეების და მომავალი მეტოქეების გათვალისწინებით შეირჩა ისრაელის და რუმინეთის ნაკრებები. ვფიქრობ, ბევრი აქვთ საერთო ჩვენს მომავალ მეტოქეებთან".
მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.
სხვა სიახლეები
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - შალვა გოგოლაძე
20.07.2026.17:14
ქუთაისში ვიწყებთ, ახალ 5 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლის მშენებლობას - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ განაცხადა გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
„პირველი სპორტის სამინისტროს შექმნისთანავე თუ რამე გავაკეთეთ ეს იყო კვლევა და აუცილებელი იყო ეს კვლევა იმისთვის რომ დიაგნოზი დაგვსვა ზუსტი და გვცოდნოდა რა მიმართულებით უნდა გვემუშავა და სპორტის ძირითადი პოლიტიკა რა უნდა ყოფილიყო და ჩავატარეთ ძალიან სრულყოფილი კვლევა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც მოგვცა ყველა მიმართულებით თითოეულ პრობლემაზე დასკვნა. ერთ-ერთი ჩართულობის და ცნობადობის ამაღლების ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება. რატომ უნდათ ახალგაზრდა თაობას რომ სპორტში ჩავიდნენ ეს ემყარება კვლევას, რომელიც არის ძალიან საინტერესო თითოეულ რეგიონში ჩაშლილი.
მეორე მიმართულება ეს არის საერთაშორისო წარმატებები და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები პირველ-მეორე ნაწილს ინაწილებენ, რითაც ხდება ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლება და ჩართულობა. მე აღვნიშნე, რომ აპრილის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ოთხმა ძიუდოისტმა ოქრო მოიპოვა, ორმა ვერცხლი. სავსე იყო სპორტის სასახლე 10 000 კაციანი თითოეული ქართველის გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც თითოეულ ჩვენ გმირს ესწრება და უყურებს თუ როგორ ხდება ჩემპიონი და როგორ ხდება პოპულარული თითოეულ ახალგაზრდას სჭირდება. თქვენ გინახავთ ხვიჩა კვარაცხელიამ რამხელა ეფექტი მოახდინა ფეხბურთის გავლენის კუთხით და როგორი ჩართულობაა, იგივე ლაშა ბექაურის ჩემპიონობამ და თითოეულის გამოსვლა იმ თაობაში ალბათ საათობით სჭირდებათ რამოდენიმე მეტრის გადაადგილებას იმიტომ რომ თითოეულ ახალგაზრდას სურვილი აქვს მასთან ერთად სურათი გადაიღოს, თითოეულ ახალგაზრდას რა თქმა უნდა სურვილი აქვს რომ მისნაირი ჩემპიონი იყოს. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ეს დიდი სპორტული ფორუმები და ღონისძიებები, სადაც ადგილზე ხდებიან ჩემპიონები კიდევ ერთხელ აძლიერებს ამ მიმართულებით ჩართულობას.
მე წეღან რა ღონისძიებებიც დავასახელე იმიტომ ვთქვი რომ თბილისსა და ბათუმში. თბილისი და ბათუმი ამ ეტაპზე გვაძლევს იმის საშუალებას რომ მრავალრიცხოვანი ჩამოსული ჩვენი წარმომადგენელი დავაბინაოთ. რეალურად 700-800 მონაწილეზე ნაკლები არ ჩამოდის უკვე საქართველოში. მინიმუმ 600 მარტო სპორტსმენი რეგისტრირდება ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე ამიტომ სასტუმროები ერთ-ერთი მოთხოვნაა. სასტუმროც არ უნდა იყოს ნახევარ საათზე მეტად დაცილებული სპორტულ დიდ სასახლესთან. შესაბამისად, ბათუმის სასტუმროები და თბილისის არსებული სასტუმროები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დიდ ფორმებს ვუმასპინძლოთ. მათ შორის მინდა აღვნიშნო რომ ახლა იწყება თელავში ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი. იქ რამოდენიმე გუნდს თელავი უკვე იღებს და შესაბამისად ბოლო 2-3 წელიწადია თელავი არის ეპიცენტრი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ხელბურთში. გორში გვაქვს სურვილი რომ დიდი ღონისძიება გავაკეთოთ. იქ ერთი სასტუმრო Gori Inn არის რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ მცირემასშტაბიანი ევროპის ჩემპიონატი ან რაღაც მსოფლიო თასზე გორსაც მივაღებინოთ მონაწილეობა.
ამ ორ მილიარდიან პროექტში ვიწყებთ ქუთაისში ახალი 5000-იანი სპორტის სასახლის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს დამატებით საშუალებას იმისა რომ უკვე ქუთაისიც გავხადოთ ამ ჰაბის ერთ-ერთ ნაწილად, სადაც დიდ სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პოპულარიზაცია და ზოგადად ეს სიკეთე მივიტანოთ რეგიონებშიც და რეგიონის მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ თუ როგორ ჩამოდიან მათ ქვეყანაში მაღალი კლასის სპორტსმენები და მინდა აღვნიშნო ქუთაისზე რომ ქუთაისმა და თბილისმა მიიღო რაგბის 20 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი წინა თვეს და ძალიან მაღალ დონეზე იქნა ნამასპინძლარი. უბრალოდ 5-4 გუნდს მასპინძლობს ესეთი რეგიონები, გარდა ბათუმისა და თბილისისა”, - აცხადებს შალვა გოგოლაძე.