საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრს, ლევან გუგავას, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ ბრწყინვალე გამარჯვებას - ევროპის ორგზის ჩემპიონობას, ხოლო საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მეორედ დაუფლებას ულოცავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
რექტორის შეფასებით, ლევან გუგავას წარმატება განსაკუთრებით საამაყოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დავით გურგენიძის თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სპორტული კარიერის წარმატებით შეთავსება ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ბრწყინვალე შედეგს, რაც მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენით მიიღწევა.
„გულითადად ვულოცავ საქართველოს პარაძიუდისტთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობასა და მნიშვნელოვან წარმატებას, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, ლევან გუგავას, პირადად ვულოცავ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას.
ეს გამარჯვება ლევან გუგავას მაღალი პროფესიონალიზმის, ძლიერი ნებისყოფისა და დაუღალავი შრომის ნათელი დასტურია. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს.
სასიხარულოა, რომ ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის პირველივე დღეს ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის - ორი ოქრო. ამ დიდ წარმატებაში ლომის წილი ჩვენს სტუდენტს მიუძღვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ ლევან გუგავას ევროპის ორგზის ჩემპიონობას. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მრავალ ახალ გამარჯვებას და ამასთანავე, საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ის მომავალშიც არაერთხელ ასახელებს საქართველოსა და თავის ალმა-მატერს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან გუგავამ ჰაიდელბერგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, უკრაინელ რუფატ მაჰომედოვს, რუმინელ დანიელ ვარგოვსკისა და ნეიტრალური დროშით მოასპარეზე საადო აბდურაჰმანოვს სძლია, ფინალურ შეხვედრაში კი გამოცდილი ბრიტანელი პარაძიუდოისტი ივენ მოლოი ერთ წუთში ეფექტური გდებით დაამარცხა. რაც შეეხება საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს, მან გუნდურ პირველობაში საფრანგეთს, ესპანეთსა და მოლდოვას ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგო, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსეთის ნაკრებს კი 4:0 სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
28.09.2026.08:47
საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 სექტემბერს უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილთან ერთად უპასუხა.
პრესკონფერენციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს ახალი მთავარი მწვრთნელი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინა და წარმატებები უსურვა. ეროვნული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს კი მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
საქართველო - უკრაინის შეხვედრა 28 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს გაწეული სამუშაოსთვის. ის არის პირველი მწვრთნელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ ევროპის ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ნაკრების განვითარებისა და წინსვლისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ.
რაც შეეხება რამაზ სვანაძეს, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით, რომ ოდესმე ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორჯერ ითამაშა ახალგაზრდული ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე. მას ძალიან დიდი როლი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რამაზ სვანაძე სამი თამაშისთვის არ მოსულა. ჩვენ მასთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გვაქვს. დარწმუნებული ვართ მის წარმატებაში, მის შესაძლებლობებში და გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი - ევროპის ჩემპიონატზე თამაში - რეალურია. დარწმუნებული ვართ, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს აქვს რეალური შანსი, ამ რთულ მისიას წარმატებით გაართვას თავი და ყველამ ერთად ვიზეიმოთ".
რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ყოვლისა, მსურს, ვილი სანიოლს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. ასევე იმისთვის, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასევე მინდა ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის იყო და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. ეს ნდობა შემთხვევით არ მოსულა, რადგან ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება — ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად მე, ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით.
უახლოეს მატჩებში ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და სწორი ემოცია იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი მიმართული იქნება ამის გამოსწორებისკენ.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ორი მწვრთნელი დღეს ჩემთან ერთად არის — გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი, და ბონდო გოცირიძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე მოახლოებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა იქნება სტაბილურობის მიღწევა — სტაბილურობის, რომელიც აისახება როგორც საფეხბურთო ხარისხში, ისე შედეგებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ამ წუთას სწორედ ეს არის — მივაღწიოთ სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომებისა და სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მიღწევადია.
ასევე მინდა მივმართო მაყურებელს. არაერთხელ, პირადად მიგრძნია მათი მხარდაჭერა. ვიცი, რამდენად რთულია ქართველისთვის იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს არ არის იგივე მდგომარეობა, რაც აქვს, მაგალითად, უცხოელს, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს. მაგრამ ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ ქომაგს, როდესაც ის ერთიანია. ამიტომ, ხვალ იმ ერთიანობასა და მხარდაჭერას ველი. 11 წელია, ქართველი არ ყოფილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მე ამით ამაყი ვარ, თუმცა, ამავე დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა, რომ ამ საქმეში ყველანი ერთიანები ვიყოთ.
ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც სადღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავახარებთ ქომაგებს, როგორც მაშინ გავახარეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით".
ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "პირველ რიგში, ვისარგებლებ შესაძლებლობით და დიდ მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს იმისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ. ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით — ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და თამაშით დაგვირგვინდა. უბრალოდ, გარკვეული შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ დაფიქსირდა, არ იყო შესაბამისი. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთში გუნდი იგებს და გუნდი აგებს. ჩვენც, ფეხბურთელებს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს და ამას ვაცნობიერებთ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრებში, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ყველაფერი დადებითად შეიცვლება.
გულშემატკივარს ერთადერთ რამეს ვპირდები - პირადად მე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე გავა, ყოველთვის ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ამას მე და ეს ნაკრები ყოველთვის ვცდილობთ. უბრალოდ, შეიძლება, ეს მოედანზე გარკვეულ მომენტებში სხვანაირად გამოიხატოს. ხვალინდელ შეხვედრაში კი დარწმუნებული იყავით, რომ იგრძნობთ იმ მუხტს, რომელიც გვაქვს, იმ სიყვარულს, რომელიც ამ გუნდსა და ნაკრებს ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს.
პირადად მე რაც მახსოვს, უკრაინის ნაკრებთან ორი თამაში მაქვს ჩატარებული. იმ ფორმაციის უკრაინის ნაკრებს დღევანდელ გუნდს თუ შევადარებთ, საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ამიტომ, ახლა განსხვავებულ გუნდს ვეთამაშებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ".