შესაძლოა, ახლა საუკეთესო პერიოდი არ გვაქვს, თუმცა გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ - ვილი სანიოლი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.
14 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დინამო არენაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ნაკრების დებიუტანტის, იური ტაბატაძის პრესკონფერენცია.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბევრად უკეთესი, ვიდრე სექტემბერსა ან ოქტომბერში იყო. თუმცა, მთავარია, რა იქნება მომავალში. ბევრი ვისაუბრეთ და ფეხბურთელებს ავუხსენი, როგორ ვხედავ მომავალს მათთან ერთად. რა იქნება ის რეალური მიზნები, რასაც სამომავლოდ დავისახავთ. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრს ვიშრომებთ. ამ შეკრებაზე გუნდში სრულიად განსხვავებული ენერგიაა და კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მუშაობით.
იური ტაბატაძე ამ შეკრებაზე ერთ-ერთი დებიუტანტია. მასთან ბევრი არ მისაუბრია, რადგან ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს დრო უნდა მივცე ადაპტაციისთვის. აქ ყოფნა დაიმსახურა. იბერიაში ყოფნის დროსაც ვაკვირდებოდით, კადისში კი შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა. ოქტომბერში ვფიქრობდით მის გამოძახებას, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბედნიერი ვარ მისი ნაკრებში ყოფნით და ვფიქრობ, გულშემატკივრები, რომლებმაც ჯერ არ იციან მისი თამაშის შესახებ, უახლოეს მატჩებში უკეთ გაიცნობენ.
ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ უკეთესი გუნდი ვართ. თუმცა, გვაქვს ამბიცია, რომ ესპანეთთან ბოლო მატჩთან შედარებით უფრო ემოციურები ვიყოთ. სტუმრად 2:0 წავაგეთ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო, თუმცა ყველაზე მეტად გული ემოციის და ამბიციის ნაკლებობამ დამწყვიტა. ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ნაკლები შიშით და მეტი ამბიციით ითამაშონ, რათა ძალიან კარგი გუნდური თამაში ჩავატაროთ.
არ გვყავს ღრმა შემადგენლობა. ბოლო პერიოდში კვარაცხელიას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, ყვითელი ბარათის გამო ესპანეთთან ქოჩორაშვილი ვერ დაგვეხმარება, ტრავმის გამო გვაკლდა კიტეიშვილი, ხოლო ჩაკვეტაძე უკვე რვა თვეა ვერ თამაშობს. 2-3 ფეხბურთელის არყოფნა ძალიან ეტყობა გუნდს. ასევე გვყავს ახალი მოთამაშეები, რომლებმაც მეტი კონკურენცია უნდა შემოიტანონ გუნდში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის - მეტი კონკურენცია და ხარისხი გვჭირდება, რადგან ყველა წამყვანი ფეხბურთელი ყოველთვის კარგ ფორმაში ვერ იქნება. მოახლოებული მატჩები, მარტის და ივნისის სანაკრებო პაუზები ახალი ეტაპი და შესაძლებლობაა ავაშენოთ რაღაც ახალი და კარგად ვიასპარეზოთ ერთა ლიგაზე.
შესაძლოა, ახლა საუკეთესო პერიოდი არ გვაქვს, თუმცა გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ასევე, გულშემატკივრებმა მოედანზე უნდა იხილონ უფრო ამბიციური, ენერგიული და ემოციური გუნდი".
სხვა სიახლეები
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
27.11.2026.18:33
საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. ათენში გამართული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 88:92.
განსაკუთრებით დრამატული გამოდგა შეხვედრის დამატებითი დრო. მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე საქართველოს ნაკრები შვიდი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შეხვედრის ბოლო 11 ქულა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თორნიკე შენგელიამ და მარკიზ რიდმა. შენგელიამ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით დაასრულა, ხოლო რიდმა გუნდს 30 ქულა მოუტანა. მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა დუდა სანაძემაც (13 ქულა).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. ამ გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მეექვსე მოგება მოიპოვა და ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ გააგრძელებს.
საქართველოს ბანკი განაგრძობს სპორტის განვითარებისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და გუნდების გვერდით დგომა, რომლებიც საკუთარი შრომით, თავდადებითა და შედეგებით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ.
საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.